Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ბელარუს მოხელეებს საჰაერო მეკობრეობაში ადანაშაულებს


Ryanair -ის თვითმფრინავის იძულებით დაჯდომა მინსკის აეროპორტში, 2021 წლის 23 მაისი
Ryanair -ის თვითმფრინავის იძულებით დაჯდომა მინსკის აეროპორტში, 2021 წლის 23 მაისი

აშშ-ის ხელისუფლებამ ბელარუსის ოთხ სახელმწიფო მოხელეს ბრალდება წაუყენა შეთქმულებაში საჰაერო მეკობრეობის მიზნით, Ryanair -ის თვითმფრინავის იძულებით დაჯდომასთან დაკავშირებით მინსკის აეროპორტში, გასული წლის მაისში.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე არსებული ცნობის თანახმად, ბრალდება წაუყენეს "ბელაერონავიგაციის" გენერალურ დირექტორს, ლეონიდ ჩუროს, მის მოადგილეს, ოლეგ კაზიუჩიცს, და ასევე, ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ორ თანამშრომელს, რომელთა გვარები არ ქვეყნდება, მოყვანილია მხოლოდ ერთ-ერთის სახელი და მამის სახელი - ანდრეი ანატოლის-ძე.

ამერიკის ხელისუფლების მიხედვით, ბრალდებულებმა გააყალბეს ინფორმაცია ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ, რათა კონტროლი მოეპოვებინათ რეისზე, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა.

მათ აიძულეს ეკიპაჟი, კურსიდან გადაეხვია და მინსკში დამჯდარიყო, რათა ბელარუსის ხელისუფლებას საშუალება მისცემოდა, დაეკავებინა თვითმფრინავში მყოფი ბელარუსი ოპოზიციონერი ბლოგერი, რომან პროტასევიჩი და მისი თანამგზავრი, რუსეთის მოქალაქე, სოფია საპეგა.

ასეთი შეთქმულებით, როგორც უწყება აღნიშნავს, დაირღვა არა მხოლოდ საერთაშორისო ნორმები და აშშ-ის სისხლის სამართლის კოდექსი, არამედ პოტენციური საფრთხე შეექმნა უდანაშაულო მგზავრების სიცოცხლეს. აშშ-ში ბრალდებულებს თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ 20 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ჩურომ პირადად შეატყობინა სადისპეტჩერო სამსახურის თანამშრომლებს აფეთქების ცრუ საფრთხის შესახებ ჯერ კიდევ იქამდე, სანამ თვითმფრინავი ათენიდან გაფრინდებოდა, და განკარგულება გასცა, პილოტისთვის მითითება მიეცათ თვითმფრინავის მინსკში დაჯდომის შესახებ.

ბრალდების ვერსიის თანახმად, ოლეგ კაზიუჩიცმა ბელარუს ავიადისპეტჩერებს ინციდენტის შესახებ მონაცემების გაყალბება უბრძანა. ბომბის შესახებ ცრუ ინფორმაციის გადაცემაში მონაწილეობდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებებს სადისპეტჩერო პუნქტიდან და ინფორმაციას გადასცემდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სხვა თანამშრომელს იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები, - ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს შეტყობინებაში.

ავიადისპეტჩერი ოლეგ გალეგოვი, რომელმაც თვითმფრინავი საგანგებოდ დასვა მინსკში, ჯერ კიდევ ზაფხულში გაემგზავრა ბელარუსიდან და პოლონეთის ხელისუფლებას მისცა ჩვენება. მან განაცხადა, რომ შემთხვევის დროს, მინსკის აეროპორტის ავიადისპეტჩერის სამსახური სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.

შარშან 23 მაისს ირლანდიური კომპანიის, Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, იძულებით დაჯდა მინსკში, ბორტზე ასაფეთქებლის არსებობის შესახებ ინფორმაციის გამო, რომელიც შემდეგ ყალბი გამოდგა.

გაირკვა, რომ თვითმფრინავი დასვეს ბელარუსის ხელისუფლების განკარგულების შედეგად, რათა დაეკავებინათ თვითმფრინავში მყოფი რომან პროტასევიჩი, ტელეგრამ-არხის Nexta-ს დამაარსებელი, რომელიც აშუქებდა და კოორდინირებას უწევდა საპროტესტო აქციებს ბელარუსში, და მისი მეგობარი ქალი, რუსეთის მოქალაქე, სოფია საპეგა.

მათ წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე მასობრივი არეულობის ორგანიზების და ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ სოციალური შუღლის გაღვივების ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG