Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანელი ადმირალი კაი-ახიმ შიონბახი: უკრაინა და საქართველო ნატოში არ უნდა მივიღოთ


გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი კაია-ახიმ შიონბახი მიიჩნევს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში არ უნდა მიიღონ. ამასთან გერმანელი გენერალი მიიჩნევს, რომ საქართველო შეესაბამება ალიანსის კრიტერიუმებს, უკრაინა კი - არა, რადგან ის ნაწილობრივ ოკუპირებულია.

"დონბასი ოკუპირებულია რუსეთის არმიის, თუ როგორც უწოდებენ „სახალხო ლაშქრის“ მიერ. შევხედოთ საქართველოს, რომელიც ნატოში ესწრაფვის გაწევრიანებას. შეესაბამება თუ არა ალიანსის ის კრიტერიუმებს? კი. გონივრულია, თუ არა მისის ნატოს წევრად მიღება? არა“, - განაცხადა გერმანელმა ვიცე-ადმირალმა და დასძინა, რომ ბალტიის სახელმწიფოების შემთხვევაში სხვა სიტუაცია არსებობდა. „ისინი საბჭოთა ოკუპაციამდე დამოუკიდებლები იყვნენ, ხოლო უკრაინა საბჭოთა კავშირში შედიოდა“ .


ეს და სხვა სკანდალური განცხადებები, გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა, ვიცე-ადმირალმა კაია-ახიმ შიონბახმა მაროხარ პარიკარის სახელობის ინდოეთის თავდაცვითი კვლევების ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.

ამასთან გერმანელი ვიცე-ადმირალი მიიჩნევს, რომ შვედეთსა და ფინეთს აქვთ სრული უფლება გაწევრიანდნენ ნატოში, თუ ამას მოისურვებენ და რუსეთი მათ ხელს ვერ შეუშლის.

რუსეთთან დაკავშირებით გერმანელი ვიცე-ადმირალი მიიჩნევს, რომ რუსეთი, რომელსაც ევროკავშირის გახლეჩვა სურს, პატივისცემას იმსახურებს.

„სინამდვილეში რუსეთს უბრალოდ ჩვენგან პატივისცემის მიღება სურს. ო, ღმერთო, ჩვენთვის ხომ არაფრად გვიღირს ცოტა პატივისცემის გამოჩენა. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, უკეთესია, რომ მისთვის მიგვეცა ის პატივისცემა, რასაც იმსახურებს. რუსეთი - ძველი და მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. ჩვენც კი - ინდოეთსა და გერმანიას, რუსეთი გვჭირდება“, - განაცხადა გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა, ვიცე-ადმირალი კაია-ახიმ შიონბახმა.

იგი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, რომ რუსეთს უნდა მიეცეს შანსი, იყოს აშშ-ისა და ევროპის თანაბარი პარტნიორი.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროში უკვე განაცხადეს, რომ ვიცე-ადმირალ შიონბახის გამონათქვამები არ შეესაბამება უწყების ოფიციალურ პოზიციას და ადმირალმა განმარტება უნდა გააკეთოს.


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „მიუღებელი“ უწოდა გერმანიის სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებას და მოუწოდა ბერლინს, რომ საჯაროდ „იქნეს უარყოფილი სარდლის ეს სიტყვები, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, და იმ ძალისხმევას, რაც ევროპაში შექმნილი სიტუაციის დეესკალაციისკენ არის მიმართული“.

XS
SM
MD
LG