Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობიდან გადადგა სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი


23 იანვარს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა, და ამ, დიდწილად ცერემონიული პოსტის დატოვების მიზეზად დაასახელა სომხეთის შიდაპოლიტიკურ და საერთაშორისო ცხოვრებაზე გავლენის მოხდენისთვის ინსტრუმენტების ნაკლებობა მოცემულ რთულ პერიოდში.

ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში სარქისიანი ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება არ არის "ემოციური" და ის "გარკვეულ ლოგიკას" ეფუძნება.

"ამის შესახებ ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ, და თითქმის ოთხი წლის განმავლობაში აქტიური მუშაობის შემდეგ, გადავწყვიტე გადავდგე სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობიდან. ეს აბსოლუტურად არ არის ემოციური გადაწყვეტილება და ის გარკვეულ ლოგიკაზეა დაფუძნებული" - წერს სარქისიანი.

ის აღნიშნავს, რომ "პრეზიდენტს არ აქვს საჭირო ბერკეტები გავლენის მოსახდენად შიდა და საგარეო პოლიტიკაზე, ამ რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის".

ამჟამინდელი კონსტიტუციით, სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, და აღმასრულებელ ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

პრეზიდენტის უფლებამოსილება დიდწილად ცერემონიულია - მას შვიდი წლის ვადით ირჩევენ, და პირებს მხოლოდ ერთი ვადით აქვთ უფლება იმსახურონ პრეზიდენტის თანამდებობაზე.

სომხეთის პრეზიდენტად სარქისიანი პარლამენტმა 2018 წლის მარტში აირჩია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG