Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინას დატოვებენ აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა ოჯახები


აშშ-ის საელჩო კიევში
აშშ-ის საელჩო კიევში

რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების საფრთხის გამო, უკრაინას დატოვებენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელთა ოჯახის წევრები. შესაბამისი განკარგულება სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოსცა. უკრაინის დატოვება ნებაყოფლობით შეუძლიათ საელჩოს დაქირავებულ თანამშრომლებსაც. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ სხვა ამერიკელებს ურჩევენ, იფიქრონ კომერციული ავიარეისებით ქვეყნის დატოვებაზე.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეს არის სიფრთხილის ზომა და არა ევაკუაცია, რადგან საელჩო და დიპლომატები მუშაობას ჩვეული რეჟიმით განაგრძობენ.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე, მოგზაურობისთვის საჭირო რეკომენდაციებს დაემატა 23 იანვარს განახლებული ინფორმაცია უკრაინაზე, რომელიც საფრთხის შემცველ უმაღლეს, მეოთხე საფეხურზეა. ამერიკელებს ურჩევენ, არ გაემგზავრონ უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების გაზრდილი საფრთხის და COVID-19-ის გამო.

ბოლო თვეებში დაძაბულობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა რუსეთის მიერ, სამხედრო სწავლებების მოტივით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 ათასამდე სამხედროს განთავსებამ, რასაც კიევი და დასავლეთის სახელმწიფოები განიხილავენ უკრაინაში შეჭრისთვის მზადებად. ამას რუსეთი უარყოფს, თუმცა, აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს „უსაფრთხოების გარანტიებს". კრემლის ერთ-ერთი მოთხოვნაა ნატომ უარი თქვას ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG