Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"30 წელი ვიცდით, როდემდე?" - ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების აქცია გაიმართა


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან აფხაზეთიდან დევნილთა საპროტესტო აქცია გაიმართა. სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები სახელმწიფოსგან მოითხოვენ, რომ მათ საცხოვრებელი ბინები გამოუყოს.

"30 წელი ვიცდით, როდემდე?" "სამშობლოვ, გაგვწირე?" - ამ შინაარსის წარწერები ეჭირათ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილ დევნილებს.

"ბატონო მინისტრო, ჩვენ, დევნილები, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ამ ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანები მოვედით თქვენთან, რომ გითხრათ, თქვენ შეცდით, როცა განაცხადეთ, რომ ზური ქირიას ტრაგიკული გარდაცვალება იყო უბედური შემთხვევა და მას არაფერი აქვს საერთო დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ და უფლებრივ მდგომარეობასთან.

  • ბატონო მინისტრო, თქვენ შეცდით, როდესაც ვერ მოიცალეთ დევნილებთან შესახვედრად;
  • შეცდით, როდესაც არ მობრძანდით და არ უთხარით სამძიმარი ოჯახს;
  • შეცდით, როცა ღიმილნარევი სახით საუბრობდით იმ ტრაგედიაზე, რაც მოხდა.

ბატონო მინისტრო, ჩვენ დევნილები მოვედით აქ იმისთვის, რომ გითხრათ, თქვენ ახლაც ცდებით, როცა ხართ შიგნით და არ საუბრობთ ხალხთან", - თქვა აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აქციის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, მთავრობის სხდომაზე მოსახლეობას შეახსენა, რა ხდებოდა 2012 წლამდე, სანამ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდოდა.

"2012 წლამდე იძულებით გადაადგილებულთა საკითხი ქაოტურად მიმდინარეობდა. განსახლების ძირითადი მიმართულება იყო დევნილების მხრიდან ე.წ. მოკავებული ფართების დაკანონება და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების რეაბილიტაცია. არ არსებობდა ერთიანი სტანდარტი", - თქვა ღარიბაშვილმა.

უშუალოდ სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებლებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ დევნილებს სთავაზობენ, თავად მოიძიონ ბინები (კვადრატული მეტრი $550-ის ფარგლებში) ან დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების აშენებას. მანამდე სახელმწიფო მათ ქირის ღირებულებას დაუფარავს.

"რადგან ასეთი კრიტიკული მდგომარეობაა სასტუმრო „ქართლთან“ დაკავშირებით, ჩვენ მოვიძიეთ მიმდინარე მშენებლობები, სადაც 200-მდე ბინაა და მათთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ არსებული ფასების ფარგლებში შემოვიდნენ გამოცხადებულ კონკურსში. მიმდინარე წელს ამ ბინებით ჩვენ მოსახლეობას დავაკმაყოფილებთ", - თქვა მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

სანატორიუმი "ქართლი", სადაც ათეულობით დევნილი ოჯახი ცხოვრობს, მძიმე მდგომარეობაშია. იქ დასახლებული დევნილები წლებია უკვე ითხოვენ, რომ სახელმწიფომ ალტერნატიული საცხოვრებელი სივრცით დააკმაყოფილოს. ისინი აქ აფხაზეთის ომის შემდეგ, 29 წლის წინ ჩასახლდნენ.

დევნილების თქმით, შენობა არ არის უსაფრთხო, ავარიულია და ნელ-ნელა იშლება. ადგილობრივების თქმით, შენობა უკვე ორად არის გაყოფილი და არამყარია მისი საძირკველიც, სადაც წყლის დაგროვების ნიშნები ჩანს. 2015 წელს ჩატარებული ბოლო ექსპერტიზა აჩვენებს, რომ შენობა ცხოვრებისთვის უვარგისია. თუმცა 6 წლის შემდეგაც დევნილების განსახლება სახელმწიფომ არ უზრუნველყო.

დევნილები პერიოდულად აქციებს მართავდნენ, თუმცა უშედეგოდ. ბოლო აქცია მათ 2021 წლის დეკემბერში დაიწყეს და 2022 წლის 10 იანვარს განაახლეს, როცა დერეფნებში კედლის ნაწილი ისევ ჩამოიშალა.

16 იანვარს „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი, 52 წლის კაცი 7-სართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტა. მეზობლები ამბობენ, რომ კაცს უნდოდა თვითმკვლელობით ხელისუფლების ყურადღება მიექცია.

XS
SM
MD
LG