Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის მისაღწევად შეხვედრებს განაგრძობს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული თანხმობის მისაღწევად პოლიტიკოსებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა დილიდან დაიწყო.

პრეზიდენტთან მივიდნენ: "ქართული ოცნებიდან" ნინო წილოსანი, "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი, პარტია "სამართლიანობისთვის" დამფუძნებელი ეკა ბესელია და არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური.

"თუ ჩვენ გვსურს, რომ ეს პროცესი შედეგით დასრულდეს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ კომპონენტში მონაწილე მხარემ და რა თქმა უნდა, რადიკალურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, მედიასაშუალებებმა და ყველამ, ამ პროცესში წვლილის შემტანმა მხარემ გაიაზროს და ერთობლივად დასრულდეს ეს პროცესი", - თქვა ნინო წილოსანმა შეხვედრის დაწყების წინ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის მიერ ინიცირებული ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში რამდენიმე კვირაა ხვდება პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

2021 წლის 20 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული, კომპლექსური, ღია და გამჭვირვალე და ამ პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესში ჩართული არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG