Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს ბათუმის საკრებულოს წევრის გარდაცვალების მიზეზთა დროულ გამოძიებას


"ნაციონალური მოძრაობის" წევრთა აქცია ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის გამოძიების მოთხოვნით. ბათუმი, 2021 წლის 28 დეკემბერი.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრთა აქცია ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის გამოძიების მოთხოვნით. ბათუმი, 2021 წლის 28 დეკემბერი.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს, 25 იანვარს ისევ მოითხოვა ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების დასრულება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ თანაპარტიელის გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგაც არ იციან, რა დაადგინა გამოძიებამ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლის და მისი მოსყიდვის მცდელობის საქმეზე. ოპოზიციური პარტიის ინფორმაციით, ამ დრომდე გამოკითხულია „ნაციონალური მოძრაობის“ 3 წევრი. ამ ეტაპზე უცნობია, დადგენილია თუ არა პარტიის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარ წევრად 2021 წლის ოქტომბერში არჩეული ნუგზარ ფუტკარაძე ნოემბერში გარდაიცვალა სისხლში შაქრის დონის მკვეთრი მატების შედეგად. თანაპარტიელის გარდაცვალების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გამოაქვეყნეს აუდიომასალა, რომელიც მათი ინფორმაციით, ფარულად ჩაიწერა თავად ნუგზარ ფუტკარაძემ. ჩანაწერის მიხედვით, ორი პირი მესამეს, სავარაუდოდ, ნუგზარ ფუტკარაძეს სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს და ბათუმის საკრებულოში მუშაობა დამოუკიდებელ წევრად გააგრძელოს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თანაპარტიელის გარდაცვალება ზეწოლით გამოწვეულ ნერვიულობას დაუკავშირა და განაცხადა, რომ ნუგზარ ფუტკარაძის გადაბირებას ყოფილი პოლიციელები ცდილობდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის და მისი მამის, დავით რიჟვაძის დავალებით. თავის მხრივ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ოპოზიციური პარტია ცილისწამებაში დაადანაშაულა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა მირდატ ქამადაძემ ბათუმში, დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნება“ საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ემზადება, რისი მორალური უფლებაც გამოძიების დასრულებამდე არ აქვს:

„ორი თვე გავიდა და გამოძიების შედეგი დღემდე არ ვიცით. არ ვიცით, ვინაა ის კაცი, რომლის შესახებ საუბარია ჩანაწერში და სწორედ მისი სახელით მიმდინარეობდა ზეწოლა ნუგზარ ფუტკარაძეზე. ამ ფონზე, ყოველგვარი მორალური ნორმების დარღვევით, ამ ოლქში ხელახალი არჩევნებისთვის ემზადება "ქართული ოცნება". სანამ ხელისუფლება პასუხისგებაში არ მისცემს ყველა სავარაუდო თანამონაწილეს ფუტკარაძის საქმეზე, არ აქვს მორალური უფლება ამ ოლქში კანდიდატი დააყენოს“.

2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში ერთპარტიული უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო ხმები ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. 16 მანდატი მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და საერთო ჯამში, 19 ოპოზიციამ: "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 15, პარტიამ "საქართველოსთვის" - 3 და "ლელომ" - 1.

29 ოქტომბერს ბათუმის საკრებულოში პარტია "საქართველოსთვის" პროპორციული სიით არჩეულმა ირაკლი თავდგირიძემ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ საკრებულოში დამოუკიდებელ წევრად იმუშავებს. თავდგირიძემ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "ლელოსთან" ნებისმიერი სახით თანამშრომლობა და მით უმეტეს, მათთან კოალიცია.

დღევანდელი მოცემულობით, ბათუმის საკრებულოში 34 წევრია და მათგან 17 ოპოზიციური პარტიებიდან, რადგან ნუგზარ ფუტკარაძე მაჟორიტარული სისტემით იყო არჩეული და შესაბამისად, საკრებულოს 35-ე წევრის ასარჩევად შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს მიმდინარე წლის გაზაფხულზე.

ახალი მოწვევის საკრებულო 3 დეკემბერს, საკუთარი უფლებამოსილების ცნობის მიზნით ჩატარებული პირველი სხდომის შემდეგ ვეღარ ახერხებს შეკრებას და თავმჯდომარის არჩევას, რადგან გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სულ მცირე 18 ხმა არცერთ მხარეს არ აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG