Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალ ორ კვირაში ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებს. შემთხვევების 90% „ომიკრონია“ - ამირან გამყრელიძე


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამის გაზრდილი ცირკულაციის პირობებში, შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს მომავალი ორი კვირის განმავლობაში. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბარში განაცხადა.

რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე დაყრდნობით ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ორ-სამკვირიანი აღმავლობის შემდეგ, ინფიცირების მაჩვენებელი დაღმასვლას იწყებს.

„ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით დღეს ანტირეკორდი გვაქვს. რაც პროგნოზირებადი და მოსალოდნელი იყო „ომიკრონის“ მზარდ ტალღასთან დაკავშირებით. ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა მატულობს, მაგრამ მთავარი ინდიკატორი - ზეწოლა ჰოსპიტალურ ჯანდაცვის სისტემაზე - ნაკლებია. ანუ ერთი და იგივე დონეზე რჩება საწოლთა დაკავების მაჩვენებელი. მათ შორის მძიმე და ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ ავადმყოფთა მდგომარეობა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, „ომიკრონის“ ცირკულაცია მომატებულია ქვეყანაში და დღევანდელი მონაცემებით დადებითი შემთხვევების საერთო რაოდენობაში დაახლოებით 90% -ს შეადგენს.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ გახლავთ „ომიკრონის“ ორი ქვეშტამი - ერთი რომელმაც ცირკულაცია დაიწყო ნოემბერში ე.წ. BA1 და შემდგომ გაჩნდა BA2 და ჩვენთან ორივე იდენტიფიცირებულია როგორც მოლეკულური სეკვენირებით, ისე დამატებით მუტაციას სპეციფიური PCR ტესტებით, მეორე შტამს, როგორც სამეცნიერო ლიტერატურიდან ცნობილია, ახასიათებს კიდევ უფრო სწრაფი გადადება და ქვეყანაში ეს სწრაფი აღმავალი ტალღა შესაძლოა მასთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ მას BA1-თან შედარებით კიდევ უფრო ნაკლები აგრესიულობა ახასიათებს“.

ამირან გამყრელიძის თქმით, მომავალი ორი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„დღეს რომ 15 ათასზე მეტია ეს ნიშნავს, რომ გამოვლენილია 15 700-ზე მეტი, მაგრამ რეალურად უნდა ვიანგარიშოთ, რადგან დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს დაახლოებით 20%-ის ფარგლებში, დაახლოებით 3-4-ჯერ მეტი. ეს არის ის თითქმის უსიმპტომო ფორმები, რომელიც აქვთ ადამიანებს ან მცირე სიმპტომებით მიმდინარეობს და ისინი უნდა იყვნენ სახლში. იმიტომ რომ არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველანი სახლში არიან“.

ამირან გამყრელიძის თქმით, არ არის საჭირო რესპირატორული სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში რამდენიმე ტესტით გადამოწმება, ადამიანი უნდა დარჩეს სახლში, დარეკოს 112-ზე და მიიღოს კონსულტაცია.

რაც შეეხება "ომიკრონით" ინფიცირების ასაკს და კლინიკაში მოხვედრის მაჩვენებლებს. კვლევის საფუძველზე ამირან გამყრელიძემ ეს მონაცემებიც დაასახელა.

„ჩვენი კვლევებით, გენომის 1600 ლაბორატორიულად დადასტურებული, მათ შორის 250-ზე ოდნავ მეტი სეკვენირებით დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამ 1600 შემთხვევიდან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა დაახლოებით 1%-ს სულ 16-მდე ადამიანს. იქიდან 13 ადამიანი სწრაფად გაეწერა. დღეს, ბოლო მონაცემებით, 3 იყო კლინიკაში და არცერთს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია და ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია. საშუალო ასაკი ჩვენ "ომიკრონით" დაინფიცირების გვაქვს 33.7 წელი ანუ ძირითადად მაინც ახალგაზრდა ასაკია. მაგრამ ეს შეიძლება შემთხვევების ზრდასთან ერთად გადავიდეს უფრო მოზრდილ ასაკზე“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება ბავშვთა ინფიცირებას, მისი სიტყვებით, საერთო ინფიცირებაში ბავშვების ხვედრითი წილი არ არის გაზრდილი, დაახლოებით 18-19%-ის ფარგლებშია. მაგრამ, ვინაიდან შემთხვევების საერთო რაოდენობა, აბსოლუტური რიცხვია გაზრდილი, ბავშვებშიც მეტია ინფიცირებული. ამასთან ამირან გამყრელიძის თქმით, ვირუსი „ბავშვებშიც შედარებით მშვიდად მიდის“ და უბნის პედიატრისა და ოჯახის ექიმის ჩართულობით, სავსებით შესაძლებელია მისი მიმდინარეობის მართვა.

საქართველოში ახალ პიკს მიაღწია კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა. გასულ 24 საათში ჩატარებული 74 200 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 15 762 შემთხვევა. ეს ორწლიანი პანდემიის განმავლობაში, საქართველოსთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 075 154 შემთხვევა. მათგან 972 745 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 774 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG