Accessibility links

site logo site logo

ნატომ უკუაგდო რუსეთის მოთხოვნა, რომ უკრაინას უარი ეთქვას ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ოთხშაბათს ნატომ რუსეთს საკუთარი წინადადებები გაუგზავნა უკრაინის გარშემო დაძაბულობის დიპლომატიური გზით მოგვარების თაობაზე. მაგრამ, მისი თქმით, ალიანსი კვლავაც მზად არის ყველაზე უარესი სცენარისთვის.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ რუსეთს, რათა შევეცადოთ ვიაროთ დიალოგის გზით და გამოვნახოთ პოლიტიკური გამოსავალი“, - თქვა მან მას შემდეგ, რაც ალიანსმა წერილობით უპასუხა მოსკოვის მოთხოვნებს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე.

„მაგრამ, რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალზე, დეესკალაციაზე მუშაობის მიუხედავად ჩვენ მზად ვართ ყველაზე უარესისთვის“, - დასძინა სტოლტენბერგმა.

როგორც „ინტერფაქსი“ იუწყება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ დაადასტურა, რომ მოსკოვმა მიიღო ნატოს წერილობითი პასუხი. ის ბრიუსელში რუსეთის ელჩს გადაეცა.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო აშშ-ის მეთაურობით მზად არის „რეალური საუბრისთვის“ რუსეთის წუხილის თაობაზე. მაგრამ მან უკუაგდო რუსეთის მთავარი მოთხოვნა, რომ უკრაინას უარი ეთქვას ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

„ჩვენ არ შეგვიძლია კომპრომისზე წასვლა და არ გავაკეთებთ ამას იმ პრინციპებთან მიმართებაში, რომლებსაც ემყარება ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოება და ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის უსაფრთხოება“, - თქვა სტოლტენბერგმა.

ნატოს წინადადებები რუსეთს იმავე დროს გადაეცა, როცა ვაშინგტონმა საკუთარი პასუხი გადასცა რუსეთს.

დეკემბერში რუსეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ გამოაქვეყნა ორი პროექტი. ერთი ვაშინგტონისადმი იყო მიმართული, მეორე - ნატოსადმი. მათში მოსკოვმა მოითხოვა იმის წერილობითი გარანტიები, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთით და მასში არასოდეს იქნებიან მიღებული უკრაინა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. მისი მოთხოვნები გულისხმობდა ასევე აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს სამხედრო ყოფნისა და გავლენის შემცირებას.

ეს მოთხოვნები რუსეთმა დასავლეთს წაუყენა მაშინ, როცა, დაზვერვის ცნობით, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 ათასზე მეტ სამხედროს და დიდძალ სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი. დასავლეთის ქვეყნები ვარაუდობენ, რომ მოსკოვი უკრაინაში ინტერვენციისთვის ემზადება.

ოთხშაბათს სტოლტენბერგმა ისაუბრა ზოგიერთ სფეროზე, რომლებშიც, მისი თქმით, ნატოს კონსტრუქციულად შეეძლო კრემლთან თანამშრომლობა. მათ შორისაა კომუნიკაციის გაუმჯობესება, სამხედრო სწავლებათა გამჭვირვალობის გაზრდა და შეიარაღების კონტროლი.

როგორც AFP იტყობინება, ნატო იმედოვნებს, რომ მისი წინადადებები საკმარისია მოსკოვის დასარწმუნებლად, რომ გააგრძელოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მოლაპარაკებები და ვითარების დეესკალაცია მოახდინოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG