Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურორი: შშმ მოზარდის ცემის საქმეზე დაკავებული პოლიციელები ბრალს არ აღიარებენ


23 იანვარს არასრულწლოვანი შშმ ბიჭის ცემის საქმეზე დაკავებული პოლიციელები წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. ამის შესახებ სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა საქმის პროკურორმა, ალექსანდრე ჩხეიძემ.

"ორივე ბრალდებულს აქვს მოცემული ჩვენება, დადასტურებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წერილითაც და თავად ბრალდებულებიც ადასტურებენ, ყველა მოწმე ადასტურებს, რომ 23 იანვარს ისინი ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას მეტროსადგურ "ისნის" შენობაში, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ორივე აღნიშნულ ფაქტს [ბრალს] უარყოფს", - თქვა პროკურორმა.

მანვე აღნიშნა, რომ შუამდგომლობის სახით მათ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვენ, რადგან არსებობს მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე.

პოლიციელის მიერ შშმ არასრულწლოვანზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეომასალა 24 იანვარს გავრცელდა. ვიდეოკადრებში ჩანდა, როგორ სცემდა მეტროში პოლიციელი ბიჭს. მას უხსნიდნენ, რომ არასრულწლოვანს საუბარი არ შეეძლო.

"ეს ყრუ-მუნჯია?! რომ ავალაპარაკო ახლა?!" - ასე პასუხობდა პოლიციელი.

25 იანვარს გახდა ცნობილი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამოძიების საფუძველზე დააკავეს პოლიციელი, რომელსაც ბრალად ედება არასრულწლოვანის, შშმ მოზარდის ცემა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ასევე დააკავეს პოლიციელი, რომელიც ფაქტს შეესწრო და ამის შესახებ არ აცნობა საგამოძიებო უწყებებს.

ინსპექტორის სამსახურის თანახმად, პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის (ძალადობის) ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 144 მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა","ბ" და "ზ" ქვეპუნქტებით დააკავეს, მისი კოლეგა კ.ბ. კი, რომელმაც დანაშაული არ შეატყობინა სამართალდამცავებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით - 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

  • დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პოლიციელს ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება;
  • მისი კოლეგა, წაყენებული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
XS
SM
MD
LG