Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი არც თბილისის საკრებულოს უმრავლესობის უკრაინის მხარდამჭერ განცხადებაშია ნახსენები


საპარლამენტო უმრავლესობის შემუშავებული რეზოლუციის მსგავსად, არც თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მიერ შემუშავებულ უკრაინის მხარდამჭერ განცხადებაშია რუსეთი ნახსენები. სწორედ ამიტომ ამ განცხადებას არ უერთდება საკრებულოს ოპოზიცია.

"გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო, რაც ახალი საფრთხის რისკებს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

ვგმობთ ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული.

აქვე ვაცხადებთ, რომ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია.

დღეს, უკრაინაში შესაძლო ომის არდაშვება უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი", - ეს არის ნაწყვეტი მხარდამჭერი განცხადებიდან.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია მედიასთან საკრებულოს წევრმა, ნინო კვიტაიშვილმა გააჟღერა:

"ფაქტია, "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაბედა ოკუპანტისადმი მკაფიო პოზიციის დაფიქსირება და თავისთავად უკრაინელი ხალხისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერა, რაც ამავდროულად საქართველოს სტრატეგიული ინტერესიცაა. მათი განცხადება არის პუტინის რეჟიმის მაამებლობა უფრო მეტად, ვიდრე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა".

გუშინ, 26 იანვარს მედიას რეზოლუციის სამუშაო ტექსტის შინაარსი გააცნო პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. მისი განცხადებით, რეზოლუციის ტექსტი, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს, "დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან", რისი დროც, მისი თქმით, არ არის და მიესალმებოდა, თუ ამაზე შეჯერდებოდა ოპოზიციაც. იმის გამო, რომ ოპოზიცია უმრავლესობის შემუშავებულ ფორმულირებებს არ ეთანხმებოდა, პარტიებმა რეზოლუციის თანაავტორობაზე უარი თქვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG