Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​დევნილთა სააგენტოს ცნობით, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ 9 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა


ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესის დაიწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს დევნილთა სააგენტო. მისი ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში ბინა ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ 9 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა. ასევე, იძულებით გადაადგილებულმა 7-მა ოჯახმა განსახლების ალტერნატიულ მოდელი აირჩია და თავად მოიძია საცხოვრებელი ფართები, რომლებსაც სააგენტო შეუსყიდის.

„ამ ეტაპზე, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, სააგენტოს მენაშენეების პროექტის ფარგლებში შესყიდული სამოთახიანი და ოროთახიანი ბინები ჩაბარდა.

აღნიშნული საცხოვრებელი ფართები სააგენტომ, გაცემული დაპირების შესაბამისად, პირველივე შესაძლებლობისთანავე, სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შესთავაზა. განსახლების პროცესი დაწყებულია და 2022 წელს, ეტაპობრივად, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართით უპირობოდ დაკმაყოფილდება", - ნათქვამია განცხადებაში.

დევნილთა სააგენტო აცხადებს, რომ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ ყველა ოჯახს განსახლების ორ გზას სთავაზობს:

  • დევნილ ოჯახებს თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომლის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში;
  • დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, 2022 წლის განმავლობაში, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.

სანატორიუმი „ქართლი", სადაც ათეულობით დევნილი ოჯახი ცხოვრობს, მძიმე მდგომარეობაშია. იქ დასახლებული დევნილები წლებია უკვე ითხოვენ, რომ სახელმწიფომ ალტერნატიული საცხოვრებელი სივრცით დააკმაყოფილოს. ისინი აქ აფხაზეთის ომის შემდეგ, 29 წლის წინ ჩასახლდნენ.

დევნილების თქმით, შენობა არ არის უსაფრთხო, ავარიულია და ნელ-ნელა იშლება. ადგილობრივების თანახმად, შენობა უკვე ორად არის გაყოფილი და არამყარია მისი საძირკველიც, სადაც წყლის დაგროვების ნიშნები ჩანს. 2015 წელს ჩატარებული ბოლო ექსპერტიზა აჩვენებს, რომ შენობა ცხოვრებისთვის უვარგისია. თუმცა, 6 წლის შემდეგაც, დევნილების განსახლება სახელმწიფომ არ უზრუნველყო.

16 იანვარს „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი, 52 წლის კაცი 7-სართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტა. მეზობლები ამბობენ, რომ კაცს უნდოდა თვითმკვლელობით ხელისუფლების ყურადღება მიექცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG