Accessibility links

site logo site logo

"ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია" - ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის სარჩელზე


მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა მიმართვა გაავრცელა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპანია Netflix-ის შუამდგომლობა ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ნონა გაფრინდაშვილს ამ პროცესის მოგების იმედი აქვს და მადლობას უხდის ამერიკულ სასამართლოს პირველი გადაწყვეტილებისთვის.

"მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ. გულშემატკივრების საოცარ მხარდაჭერას მთელი ცხოვრება ვგრძნობდი. პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აისახება ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების უძლიერეს გუნდში, რომლებმაც საოცარი სამუშაო გასწიეს. მადლობა ამერიკულ სასამართლოს, რომელმაც ძალზედ კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი არასოდეს გამნელებია. ახლაც ღრმად მწამს, რომ ჩემს გუნდთან და ყველა ჩემს გულშემატკივართან ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგანაც სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს მგონი მთელი სამყაროსთვის ცხადია დღეს.

დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის მანძილზე მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის.

უღრმეს მადლობას ვუხდი უამრავ ადამიანს საქართველოში და მთელ მსოფლიოში, ვინც მე მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა. ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე." - ნონა გაფრინდაშვილის ეს მიმართვა საზოგადოებას დღეს, 28 იანვარს, მისმა ადვოკატებმა გააცნეს.

ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს "ნეტფლიქსის" წინააღმდეგ საქმეში იურიდიული ფირმა BLB იცავს. კომპანიის პარტნიორის, მაია მწარიაშვილის თქმით, მოსამართლემ „ნეტფლიქსს“ დავის შეწყვეტაზე უარის თქმის გადაწყვეტილებით უთხრა, რომ მოუწევს თავი დაიცვას არსებითი განხილვის ფარგლებში.

„რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება – ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ „ნეტფლიქსი“ დასვა საჭადრაკო დაფასთან. ეს ნიშნავს, რომ „ნეტფლიქსს“ არ უნდოდა დავაში შესვლა და შეეძლო, აერიდებინა დავა. მოსამართლემ უთხრა, რომ უნდა დაჯდეს და ითამაშოს ეს პარტია ქალბატონ ნონასთან. მოსამართლემ უთხრა მას, რომ მოუწევს თავი დაიცვას არსებითი განხილვის ფარგლებში.

მთავარი რამ, რაც ქართულ საზოგადოებაშიც იყო დებატების და განხილვის თემა – მხატვრულ ნაწარმოებში შეიძლება თუ არა დააზიანო რეალური ადამიანი? ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ თქვა, რომ „ნეტფლიქსს“ არ აქვს უფლება ამ არგუმენტით დაიცვას თავი და ასეთი პრეცედენტი არ არსებობს. ის, რომ მხატვრულია ნაწარმოები, არ არის დაცვა, რომ ამ ქუდით დააზიანო რეალური ადამიანის პატივი, ღირსება. ჩვენი შესაგებლის ხაზს სრულად იზიარებს სასამართლო", - ამბობს მაია მწარიაშვილი.

Netflix-ი საქმის წარმოების შეწყვეტას იმ მოტივით ითხოვდა, რომ ფილმში არსებული ფრაზა, რომლის გამოც ქართველი მოჭადრაკე დავობს, გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოში ჯდება.

სერიალში „ლაზიერის გამბიტი“ კომენტატორი ნონა გაფრინდაშვილზე ამბობს, რომ ის მსოფლიოს ჩემპიონია ქალთა შორის, მაგრამ მამაკაცებს არასდროს დაპირისპირებია. რეალურად, ნონა გაფრინდაშვილს უკვე ნათამაშები ჰქონდა ათეულობით მოჭადრაკე კაცთან. ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ისგან შეცდომის გასწორებას და კომპენსაციას, 5 მილიონ დოლარს ითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG