Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული მუზეუმი "დაკარგულ ექსპონატებზე" განცხადებას ავრცელებს და საელჩოებში გატანილი ნამუშევრების სიას აქვეყნებს


საქართველოს ეროვნული მუზეუმი "დაკარგული ექსპონატების" შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალი მუზეუმებიდან ექსპონატების დაკარგვის შესახებ განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.

ეროვნული მუზეუმი საუბრობს დანაკარგებზე, რომლებიც ეროვნულ გალერეაში 1950-იანი წლებიდან 2005 წლამდე პერიოდში იყო და ესაა 59 ექსპონატი, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა საელჩოში გაიტანეს და შემდეგ ვეღარ იპოვეს. ყველაზე მეტი, 46 ექსპონატი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოდან არის გამქრალი. ეროვნული გალერეა ეროვნულ მუზეუმს 2007 წელს შეუერთდა, თავად ეროვნული მუზეუმი კი 2004 წელს შეიქმნა. 2012-2021 წლებში კი ეროვნულ გალერეას და ეროვნულ მუზეუმს 500-ზე მეტი ექსპონატი დაუბრუნდა.

განცხადების ფონია კულტურის მინისტრის მიერ გაკეთებული არაერთი განცხადება იმის შესახებ, რომ მუზეუმებიდან დაკარგულია ნივთები და ამ ფაქტებზე არსებობს გამოძიების დაწყების საჭიროება.

2021 წლის დეკემბერში, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას თეა წულუკიანმა თქვა, რომ "2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, რომლებიც ძვირადღირებული, ძვირფასი ფერწერული ტილოებია, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია."

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ეროვნული მუზეუმის შექმნის დღიდან, ჩვენს გაერთიანებაში შემავალი მუზეუმებიდან, მათ შორის ხელოვნების მუზეუმიდან, არც ერთი ექსპონატი არ დაკარგულა", - ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

ეროვნული გალერეიდან 1992-2005 წლებში სხვადასხვა საელჩოში გასული ექსპონატების სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG