Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი უკრაინაზე: მინდა გამოვხატო იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა საქართველოს მიმართ


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელემედიის ჟურნალისტებთან ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით შეხვედრა უკრაინაზე საუბრით დაიწყო. მისი თქმით, დღევანდელი მოცემულობის გამო არ შეეძლო ამ საკითხს არ გამოხმაურებოდა.

"დღეს ჩვენი თემა არის ეროვნული თანხმობა, თუმცა, დღევანდელობიდან გამომდინარე, მე არ შემიძლია არ ვთქვა უკრაინის მდგომარეობაზე ორი სიტყვა. გამოვაცხადო ჩემი სრული სოლიდარობა და არა მხოლოდ სოლიდარობა. მე მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ იმიტომ, რომ ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, შედეგი არ მოაქვს. დღევანდელი მსოფლიო არის სხვა. ეს მეოცე საუკუნის ქმედებები ანაქრონულია და ამ ფორმით და ამ მიდგომებით ჩვენ მთლიანად, დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა ვერ დავძლევთ იმ გლობალურ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს.

ასე რომ, მინდა იმედის გამოთქმა დღეს, რომ ეს ყველაფერი გადავა იმაში, რაშიც უნდა გადავიდეს, ანუ დიალოგის ფორმატში", - თქვა პრეზიდენტმა.

2021 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 ათასზე მეტი სამხედრო. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება შეაფასეს უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს.

რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, კერძოდ, უკრაინა და საქართველო. რუსეთის ამ და სხვა მოთხოვნებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ წერილობით უპასუხეს 26 იანვარს. დოკუმენტები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ცნობილია, რომ უარი ეთქვა ალიანსის გაფართოების შეწყვეტის მოთხოვნას.

ამ ვითარებაში ამერიკამ და ნატოს წევრმა სხვა ქვეყნებმა უკვე აღმოუჩინეს დახმარება უკრაინას. ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინას აწვდიან იარაღს, საბრძოლო მასალებს.

უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც რუსეთი არ არის ნახსენები. "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეზოლუციის ტექსტი, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს, "დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG