საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ტელეჟურნალისტებთან შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ წარსულში გამოთქმული მოსაზრების შესახებ ილაპარაკა.
„მე მინდა თუნდაც აქ გავახსენო ბატონ ლავროვს, რომ როდესაც ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები, თავის დროზე, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა ქვეყანას აქვს სრული თავისუფლება, რომ თავისი სუვერენობიდან გამომდინარე აირჩიოს თავისი მოკავშირეები და თავისი ალიანსები. ეს მგონი ძალიან კარგი საწყისი არის და მსურს, რომ ეს დღეს რაღაცნაირად გავუხსენო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს (2004-2005 წ.წ.) არაერთხელ შეხვდა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სერგეი ლავროვს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სალომე ზურაბიშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებდა მათ შორის საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხზე.