Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის კრიზისი: ბრიტანეთი განიხილავს აღმოსავლეთ ევროპაში ძალების გაზრდას


ბრიტანეთი განიხილავს NATO-ს სამხედრო ნაწილების გაძლიერებას აღმოსავლეთ ევროპაში, უკრაინის საზღვართან რუსული სამხედროების მობილიზების საპასუხოდ.

პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი განიხილავს ყველაზე დიდ შესაძლო შეთავაზებას ნატოს თავდაცვის პაქტის წევრებისთვის სკანდინავიასა და ბალტიისპირეთში, რაც გულისხმობს ჯარების რაოდენობის გაორმაგებას და თავდაცვითი იარაღის გაგზავნას ესტონეთში.

„ეს პაკეტი იქნება მკაფიო გზავნილი კრემლისთვის - ჩვენ არ შევეგუებით მათი მხრიდან დესტაბილიზაციას და ყოველთვის დავდგებით ნატოს მოკავშირეებთან ერთად“, - თქვა ჯონსონმა განცხადებაში.

„მე დავავალე ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, მოემზადონ მომავალ კვირას ევროპაში განლაგებისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ შევძლებთ მხარი დავუჭიროთ ნატოელ მოკავშირეებს“.

ოფიციალური პირები შეთავაზებას საბოლოო სახეს მომავალ კვირას ბრიუსელში მისცემენ.

ჯონსონი მომავალ კვირას ეწვევა რეგიონს და ასევე ისაუბრებს ვლადიმერ პუტინთან ტელეფონით.

ჯონსონი მეორედ გაემგზავრება ნატოელ კოლეგებთან შესახვედრად მომავალი თვის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც მინისტრი კრიტიკის ობიექტად იქცა საკმარისის არგაკეთების გამო.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ასევე გაემგზავრებიან მოსკოვში რუს კოლეგებთან მოლაპარაკებებისთვის უახლოეს დღეებში, ურთიერთობების გაუმჯობესებისა და დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით.

ბრიტანეთის განცხადებით, რუსეთის ნებისმიერი ფორმით შეჭრას უკრაინაში სწრაფი სანქციები მოჰყვება და ორივე მხარისთვის დამღუპველი იქნება.

უკრაინის გარშემო რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების განმუხტვა დაგეგმილია მომდევნო კვირებში დიპლომატიური მცდელობებით. 29 იანვარს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა თქვა, რომ ის და მისი გერმანელი კოლეგა, ანალენა ბერბოკი, 7-8 თებერვალს უკრაინაში ჩავლენ. მისი თქმით, მან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დაუდასტურა „უკრაინის მიმართ ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG