Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვის თქმით, ნატომ უნდა ახსნას, აპირებს თუ არა რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას


სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კვირას განაცხადა, რომ რუსეთი ნატოს ახსნა-განმარტებას სთხოვს, აპირებს თუ არა ის მოსკოვის მიერ მოთხოვნილი უსაფრთხოების გარანტიების მიცემას.

მანამდე, 29 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ნატოს პასუხი არ გაუციათ მოსკოვის მთავარ მოთხოვნებზე უსაფრთხოების სფეროში.

„დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს გზით ოფიციალურ მოთხოვნას ვუგზავნით ჩვენს კოლეგებს ალიანსსა და ეუთოში და მოვუწოდებთ მათ, აგვიხსნან, როგორ აპირებენ შეასრულონ ვალდებულებები, რომ არ გააძლიერონ საკუთარი უსაფრთხოება სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე“, - თქვა ლავროვმა 30 იანვარს სატელევიზიო გამოსვლაში. „თუკი ამას არ აპირებენ, მაშინ უნდა ახსნან, რატომ“, - დასძინა მან.

ლავროვმა კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთი დასავლეთისგან მოითხოვს არა მხოლოდ დაპირებებს, არამედ იურიდიული ძალის მქონე უსაფრთხოების გარანტიებს, „რაც ევროპის მთელ კონტინენტზე უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას და რუსეთის კანონიერი ინტერესების სრულ, თანაბარ გათვალისწინებას“, - თქვა ლავროვმა.

რუსეთი ნატოსგან მოითხოვს აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარებისა და შეიარაღების გაყვანას და გარანტიებს, რომ უკრაინა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები არასოდეს იქნებიან მიღებული ალიანსის რიგებში.

ვაშინგტონი და ნატო უარყოფენ მოსკოვის ამ წინადადებებს, მაგრამ აცხადებენ, რომ მზად არიან დისკუსიებში მონაწილეობისთვის სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად, შეიარაღების კონტროლსა და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ზომებზე.

XS
SM
MD
LG