Accessibility links

site logo site logo

NeoCov - რატომ არ უნდა შეგვეშინდეს ახალი კორონავირუსის... ჯერჯერობით


უჰანელი მეცნიერები კორონავირუსის ახალი ტიპის NeoCov-ის აღმოჩენის შესახებ იტყობინებიან. გამოკვლევის წინასწარი მონაცემები მათ 25 იანვარს ატვირთეს თავისუფალ სამეცნიერო სერვერზე BioRxiv, რომელიც Cold Spring Harbor-ის ლაბორატორიის ბაზაზე ფუნქციონირებს.

ჩინელი მეცნიერები ამბობენ, რომ კორონავირუსის ახალი ტიპი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში, ამ ეტაპზე, ღამურებში ცირკულირებს, გავრცელებისა და ლეტალობის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. ჩინელი მეცნიერების მტკიცებით, NeoCov-ს მხოლოდ ერთი მუტაციაღა აშორებს ადამიანებისთვის საფრთხის შექმნასთან.

უჰანელი მეცნიერები იტყობინებიან, რომ NeoCov-ში გაერთიანებულია როგორც Sars.Cov-2-ის ანუ, COVID19-ის გამომწვევი დაავადების, ისე MERS-ის ანუ, შუა აღმოსავლეთის რესპირაციული სინდრომისთვის დამახასიათებელი თვისებები. MERS პირველად 2012 წელს, საუდის არაბეთში დაფიქსირდა.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ ვირუსმა ინფიცირებულთა 35% შეიწირა.

წინასწარი მონაცემების თანახმად, რასაც სიღრმისეული კვლევა სჭირდება , ანტისხეულები, რომლებიც COVID19-ის გადატანის ანდა კოვიდ-ვაქცინაციის შემდგომ ყალიბდება, NeoCov-ს ვერ შეაჩერებს.

საყურადღებო ინფორმაციას უწოდებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას უჰანელი მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულ ცნობას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა. ინფექციონისტის თქმით, ცხადია, არსებობს თეორიული ალბათობა, რომ ვირუსმა შესაძლოა შეიძინოს ადამიანის ინფიცირების უნარიც:

ალექსანდრე გოგინავა
ალექსანდრე გოგინავა

„ჩვენ ისედაც ვიცით, რომ ღამურა ძალინ ბევრი ვირუსის რეზერვუარს წარმოადგენს, მათ შორის, ჰემორაგიული ცხელებები, ებოლა და ა.შ. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ამ ყველაფერზე ყურადღებით დაკვირვებაა. ბუნებრივ მუტაციას ჩვენ ხელს ვერ შევუშლით. მსოფლიო უნდა შეეცადოს, რომ ვირუსი ისეთ ადგილებში არ გავრცელდეს, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვეა, რათა ვირუსს არ მიეცეს ხელსაყრელი პირობები, რომ ბუნებრივად და სწრაფად განიცადოს მუტაცია. თუმცა, ამის 100%-ით შეჩერება შეუძლებელია, რადგან ბუნებას თავისი დღის წესრიგი აქვს“.

კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ ეფექტურ გზად, ალექსანდრე გოგინავა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ადრეულ ეტაპზე მუშაობის დაწყებას მიიჩნევს:

„ჩვენ უკვე გვაქვს კოვიდზე გამოცდილება, რომ ასეთი ვირუსები შეიძლება მუდმივად წარმოიქმნას და პრობლემა შეუქმნას კაცობრიობას. ამიტომ შესაძლებელია, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობის დაწყება. არსებობს გარკვეული პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც მეტ მზაობას შეგვიქმნის, ვიდრე ეს გვქონდა მიმდინარე პანდემიის დროს. დასკვნების გაკეთება და გარანტიების მიცემა, რომ NeoCov-ი ნამდვილად არ გახდება პრობლემა კაცობრიობისთვის, ჯერჯერობით, ნაადრევია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დროულად მოხდა მისი აღმოჩენა და გარდა ამისა, უკვე გვაქვს გარკვეული გამოცდილება, შესაძლოა, რომ მეცნიერების აქტიური მუშაობით ეს პროცესი გადავადდეს, ან ისე შეჩერდეს, რომ არ იქცეს ისეთივე პრობლემად, როგორიც ამჟამინდელი პანდემიაა“.

„წარმოადგენს თუ არა NeoCov-ი ადამიანებისთვის საფრთხეს, ამას შემდგომი კვლევა სჭირდება“, - აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. მათივე ინფორმაციით, უწყება „მჭიდროდ თანამშრომლობს“ ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (OIE), საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) და გაეროს გარემოს პროგრამასთან (UNEP), რათა „მონიტორინგი გაეწიოს და პასუხი გაეცეს მოსალოდნელი ზოონოზური ვირუსის საფრთხეს“.

„ამ ეტაპზე, გვაქვს მხოლოდ წინასწარი მონაცემები. კვლევები არ დასრულებულა, დინამიური პროცესია, რომელიც გრძელდება და ინტენსიური დაკვირვება მიმდინარეობს ახალ ვირუსზე. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს კვირებში კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გაჩნდეს მის შესახებ. დღესდღეობით, NeoCov-ი აქტუალურია მხოლოდ მეცნიერებისთვის, ეპიდემიოლოგებისთვის და არა მთლიანად მსოფლიოსთვის, საზოგადოებისთვის და იმედია, ეს ასეც დარჩება. დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი პანდემიის გამოცდილების გათვალისწინებით, მსოფლიო აღარ დაუშვებს, რომ უახლოეს პერიოდში მსგავსი ან უარესი პანდემია დაგვატყდეს თავს“, - ამბობს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

NeoCov-ის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა ინდოეთში. ინდური მედია ბოლო ორი დღეა აქტიურად წერს უჰანელი მეცნიერების გამოკვლევის თაობაზე. NeoCov-ის შესახებ, ჯერჯერობით, არ ავრცელებს ინფორმაციას დასავლური მედია.

ინდოეთში, COVID19-თან ბრძოლის ეროვნული ჯგუფის წევრი, ექიმი რაულ პანდიტი ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას ამბობს: „ამ ეტაპზე, არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ NeoCov-ს შეუძლია ადამიანში შეღწევა. ამიტომ, ნუ ავყვებით პანიკას. გამოწვევებით სავსე პერიოდში გვიწევს ცხოვრება და ახლა მიმდინარე COVID19-ის პანდემიის აღმოფხვრაზე უნდა ვიზრუნოთ. ხალხს ვურჩევ პანიკას ნუ აყვება…”

2020 წლის დასაწყისში, ახალი კორონავირუსის, COVID19-ის წარმოშობის მთავარ სამეცნიერო ვერსიად მისი ღამურებში გავრცელება დასახელდა, რომელიც შემდეგ სხვა, ჯერაც დაუდგენელ ცხოველზე გადავიდა, რომლისგანაც საბოლოოდ ადამიანები დაავადდნენ.

მეორე ვარიანტად, რომელსაც უფრო კონსპირაციის თეორიას მიაკუთვნებდნენ, განიხილებოდა ვირუსის უჰანის ლაბორატორიიდან გამოჟონვა. ეჭვის საფუძველს, პირველ რიგში, იძლეოდა ფაქტი, რომ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი არაერთი წელია, რაც კორონავირუსებს შეისწავლის ღამურებში და ეპიდემიაც, სავარაუდოდ, სწორედ ინსტიტუტის სიახლოვეს დაიწყო. ამ ჰიპოთეზის მომხრეთა უმრავლესობა არ ამბობს, რომ ვირუსი ხელოვნურად, ლაბორატორიაში შეიქმნა. მათი ვარაუდით, ინსტიტუტში ბუნებაში მოპოვებულ კორონავირუსს შეისწავლიდნენ.

მეცნიერების დიდი ნაწილი ახლაც მიიჩნევს, რომ COVID19-ის შემთხვევაში, სავარაუდო ვერსია სწორედ ვირუსის ცხოველიდან ადამიანზე გადასვლაა. ამ გზით გავრცელდა კორონავირუსის წინა ინფექციებიც - SARS და MERS.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.  

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG