Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომან გოცირიძე უკრაინის შესახებ რეზოლუციის პროექტზე: რა ეზოპეს ენით საუბრობთ?!


რომან გოცირიძე
რომან გოცირიძე

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის შესახებ ილაპარაკა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ. მან გააკრიტიკა დოკუმენტის ტექსტი და მის ავტორებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა:

„რა ეზოპეს ენით საუბრობთ?! რა დაშიფრული კოდებით საუბრობთ?! იოანე ზოსიმე, რომ ამბობდა, მთელი საიდუმლო ამ ენაში არის დამარხულიო, გამაგებინეთ, ამ თქვენს რეზოლუციაში რა არის დამარხული? გვეუბნებით, რომ თქვენ საერთაშორისო სამართლის ენა არ გესმითო, დიპლომატიური ენა არ გესმითო, ძალიან მაგარი ენით არის დაწერილი ეს ჩვენი ტექსტიო. კი მაგრამ, რატომ არის სხვა ენით დაწერილი ყველა ტექსტი, რომელიც დღეს უკრაინასთან დაკავშირებით ქვეყნდება, - აღნიშნა გოცირიძემ და მიმართა „ქართულ ოცნებას", - თქვენი ენა არის უღირსობის ენა, კაპიტულაციის ენა, რუსეთისადმი პირდაპირ სიგნალის გაგზავნა, რომ ხართ მათ ორბიტაზე და რომ არაფერს გააკეთებთ იმის საწინააღმდეგოდ, რაც არ მოეწონება რუსეთს. ეს მესიჯი წავა მთელ მსოფლიოში, რაც ამ დოკუმენტში იქნება მოხსენიებული - სადაც აგრესორი რუსეთი არ არის მოხსენიებული“.

ოპოზიციის წარმომადგენელმა ახსენა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გოგა აფციაური, რომლის შესახებაც ილაპარაკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„ლავროვმა ჩვენი მედიის ცენზურა დაიწყო. რადიო თავისუფლების ჟურნალისტის მიერ „ევრონიუს - საქართველოში“ გაკეთებული სიუჟეტი, სადაც ოკუპაციის ხაზი არის მოხსენიებული და რუსეთის ოკუპაცია არის ნაჩვენები ცოცხალი ადამიანების მაგალითზე, დაგმო ეს სიუჟეტი. უკვე ჟურნალისტების ცხოვრებაში ერევიან და რედაქტირებას იწყებენ, რა უნდა გადიოდეს ქართულ მედიაში. და თქვენ წარმოგიდგენიათ, ამ დავარცხნილი, შეშინებული ტექსტის წაკითხვის შემდეგ, რა რეაქცია ექნება ლავროვს?! საერთოდ რუსეთის ხსენებას აგიკრძალავთ პარლამენტშიაც კი“, - მიმართა „ქართულ ოცნებას“ გოცირიძემ.

დოკუმენტს, რომელსაც პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი, პარლამენტის რეზოლუცია “უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ ეწოდება. პროექტში ნახსენები არ არის რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი.

"სისაწყლის და სიბეჩავის გამოვლინება" უწოდა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა რეზოლუციის პროექტში რუსეთის არხსენებას, მან მოუწოდა მმართველ გუნდს, ეცადოს მიიღოს ოპოზიციის მხარდაჭერაც:

"თუ 1 და 2 პარტიის მიერ მიღებული რეზოლუცია იქნება, იმდენი მაინც ვქნათ, რომ განსაცდელში მყოფ მეგობარს ერთიანი რეზოლუციით დავუჭიროთ მხარი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, "მოქალაქეები" მხარდაჭერას უცხადებენ რეზოლუციის არსებულ პროექტს. როგორც პარტიის წვერმა, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რეზოლუციას, რომელშიც არ არის ნახსენები რუსეთი, მაინც მხარს უჭერს, ვინაიდან პარლამენტში სხვა რეზოლუცია კენჭისყრაზე არ დგას.

"ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც ხაზს უსვამს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა. ეს არის ჩვენი პოზიცია. ამიტომ მე ამ დოკუმენტს მხარს დავუჭერ, ისევე, როგორც მხარს დავუჭერდი ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, სადაც იქნებოდა რუსეთის ფედერაცია ნახსენები. უბრალოდ, სხვა არ არის წარმოდგენილი”, - თქვა ლევან იოსელიანმა.

კენჭისყრაზე რეზოლუციის პროექტის ერთიანი, შეთანხმებული ტექსტის დაყენებისკენ მოუწოდა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ მმართველ გუნდს.

"რეზოლუციის ეს ტექსტი დარჩება მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის მიერ მიღებულ რეზოლუციის ტექსტად. წლების შემდეგ არავის გაახსენდება „ქართული ოცნება“ და მხოლოდ და მხოლოდ ეს რეზოლუცია იქნება აღბეჭდილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ღირსებასა და უსაფრთხოებაზე როდესაც ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი ტექსტი წამოვიდეს ჩვენგან", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პროექტი, რომელსაც პარლამენტში განიხილავენ ასეთი შინაარსისაა:

“საქართველოს პარლამენტი - ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს;

მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას;

ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებისა;

გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;

აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;

მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი;

სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში“.

2021 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 ათასზე მეტი სამხედრო. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება შეაფასეს უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს.

რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, კერძოდ, უკრაინა და საქართველო. რუსეთის ამ და სხვა მოთხოვნებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ წერილობით უპასუხეს 26 იანვარს. დოკუმენტები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ცნობილია, რომ უარი ეთქვა ალიანსის გაფართოების შეწყვეტის მოთხოვნას.

ამ ვითარებაში ამერიკამ და ნატოს წევრმა სხვა ქვეყნებმა უკვე აღმოუჩინეს დახმარება უკრაინას. ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინას აწვდიან იარაღს, საბრძოლო მასალებს.

XS
SM
MD
LG