Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სემეკი შეისწავლის, რამდენად სწორად დარიცხეს დავალიანება "თელასმა" და "თელმიკომ"


საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია შეისწავლის, რამდენად სწორად დარიცხეს თბილისში ელექტროგამანაწილებელმა კომპანიებმა "თელასმა" და "თელმიკომ" დავალიანების შესახებ მონაცემები - კერძოდ, იყო თუ არა თანხა მეტობით დარიცხული. კომისიის წევრის, გიორგი ფანგანის თქმით, კომპანიებში სპეციალური ჯგუფის შესვლის საკითხზე ხვალ, 3 თებერვლის სხდომაზე იმსჯელებენ.

კომისიას ამ საკითხზე მოქალაქეებისგან 100-მდე განაცხადი აქვს მიღებული.

"ჩავთვალეთ, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე და იმ კითხვებიდან გამომდინარე, რომელიც გაგვიჩნდა, ერთადერთი სწორი გზა იქნება შევიდეთ კომპანიებში და ამოვიღოთ ყველა დოკუმენტი, რაც საჭირო იქნება იმის დასადგენად, არის თუ არა პრობლემები", - განაცხადა გიორგი ფანგანმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კომპანიებიდან მიღებული ინფორმაციით, აბონენტების 0,1 პროცენტის ქვითრებზე მრიცხველისგან განსხვავებული მაჩვენებელი იყო. 700-მდე ოჯახს მონაცემები კომპანიებისთვის მიმართვის შემდეგ შეეცვალა.

"ჯერჯერობით თბილისში ყველა მრიცხველს კითხულობს ადამიანი, შეცდომებს ვერ გავექცევით... გაცილებით მეტ ადამიანს აქვს პრეტენზია, ამიტომ უფრო მასშტაბური შესწავლაა საჭირო", - თქვა კომისიის წევრმა.

დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კომისია, მასშტაბებიდან გამომდინარე, იმსჯელებს გამოიყენოს თუ არა სანქცია და რა სახის.

"ჩვენ ყველაზე ფრთხილად ვეკიდებით ისეთ საკითხებს, როცა არის სისტემურ დარღვევაზე საუბარი, რომელიც მარტივი ჯარიმით შეიძლება ვერ აღმოიფხვრას... როგორც ვიცით, არ არის აქ სერიოზული დარღვევა", - თქვა ფანგანმა.

კომისიაში ამბობენ, რომ ანალოგიური კითხვები აქვთ აბონენტებს წყლის საფასურის დარიცხვებზეც. ამ ეტაპზე კომისია კომპანიიდან ინფორმაციას იღებს.

"ჩვენ ხელთ არის მომხმარებლების საჩივრები. როცა მივიღებთ ინფორმაციას კომპანიიდან, თუ საჭირო გახდა, იქაც იმავეს გავაკეთებთ - შევალთ და შევისწავლით და თუ აღმოჩნდა დარღვევები, მთელ სიმკაცრეს [გამოვიყენებთ]" , - ამბობს ფანგანი.

ბოლო რამდენიმე დღეა მოქალაქეები სოციალურ ქსელებში გაზრდილი კომუნალური გადასახადების შესახებ წერენ. მათმა დიდმა ნაწილმა, აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლის გამო, დეკემბრის ბოლოს ელექტროენერგიის დავალიანების ორი ქვითარი მიიღო (ერთი - ნოემბრის, ერთი კი - დეკემბრის). გარდა ამისა, იანვრიდან მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელიც წინა წელს სახელმწიფო სუბსიდირებით სარგებლობდა, დენის გადასახადი 3,5 თეთრით გაუძვირდა. ამ ფაქტორების გათვალისწინების მიუხედავად, მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპანიამ დავალიანება არასწორად დაარიცხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG