Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულება: მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მხრიდან მტკიცე და ფოკუსირებულ რეაქციას


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში შექმნილ კრიზისულ ვითარებაში უკრაინა დიდად აფასებს ნებისმიერ მხარდაჭერას უცხოეთიდან, მათ შორის - საქართველოდან.

„საქართველო ალბათ სხვაზე უკეთ გრძნობს, რა დევს სასწორზე უკრაინაში. ამიტომ თქვენი პარლამენტის მხრიდან მტკიცე და ფოკუსირებულ რეაქციას მივესალმებით. ვიმეორებ, ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იქით, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარებოდეს. ეჭვი არ მეპარება, ყველას შეუძლია რამის გაკეთება, თუკი არსებობს პოლიტიკური ნება, თუკი არსებობს ამის გაკეთების უნარი. საქართველოს ნამდვილად აქვს ორივე - ნება და უნარი“, - თქვა კულებამ 2 თებერვალს, უცხოეთის მედიის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრაზე.

1 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდასაჭერად რეზოლუცია მიიღო 74 ხმით. კენჭისყრაში ოპოზიციის დიდ ნაწილს პროტესტის ნიშნად მონაწილეობა არ მიუღია. „ქართული ოცნების" ოპონენტები მოითხოვდნენ ტექსტში რუსეთის ფედერაციის ხსენებას. მმართველი პარტია კი ამბობს, რომ ტექსტში „რუსეთი“ არ წერია, თუმცა იგულისხმება.

მრავალი წყაროს თანახმად, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 100 ათასზე მეტმა ჯარისკაცმა და სამხედრო ტექნიკამ მოიყარა თავი. დასავლეთში მიიჩნევენ, რომ ეს უკრაინაში ინტერვენციისთვის მზადება შეიძლება იყოს. მოსკოვი აცხადებს, რომ არ არსებობს იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ ის უკრაინაში შეჭრას გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG