Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონმა დაადასტურა, რომ ევროპაში აგზავნის დამატებით სამხედრო კონტინგენტს


აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები ევროპაში დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნის შესახებ. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, ჯონ კირბის ინფორმაციით, გერმანიაში დისლოცირებული ამერიკული ესკადრილიიდან რუმინეთში გაიგზავნება 1000 სამხედრო, რომლებიც ამ ქვეყანაში მყოფ 900 ამერიკელ ჯარისკაცს შეუერთდებიან. კირბის განმარტებით, ამ ძალების დანიშნულებაა აგრესიის შეკავება და მოკავშირე სახელმწიფოების თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცება. ჩრდილოეთ კაროლინის შტატში მდებარე სამხედრო ბაზიდან პოლონეთსა და გერმანიაში გაემგზავრება 2000-მდე სამხედრო მოსამსახურე.

ჯონ კირბის განცხადებით, პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან თავი მოუყარა სამხედრო შესაძლებლობების მთელ სპექტრს და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ხელახალი შეჭრის გადაწყვეტილება არ მიუღია, ამის შესაძლებლობა არსებობს. კირბის თანახმად, შექმნილი სიტუაცია მოითხოვს, რომ აშშ-მა გააძლიეროს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავების და თავდაცვის პოზიციები.

ბოლო თვეებში რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 000-ზე მეტი სამხედრო. უკრაინამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა არ გამორიცხეს, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალ თავდასხმას ამზადებს. ამას კრემლში უარყოფენ.

პენტაგონის პრესმდივნის განცხადებით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ აშშ პასუხს გასცემს ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის შექმნილ მზარდ საფრთხეებს. კირბის თქმით, ნატოს კოლექტიური თავდაცვისადმი აშშ-ის ერთგულება ურყევია.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის ინფორმაციით, ევროპაში ამერიკელი სამხედროების დამატებითი კონტინგენტის განთავსების გადაწყვეტილება მიღებულია ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციით. ჯონ კირბის განცხადებით, ეს ძალები არ აპირებენ უკრაინაში ბრძოლას და მათი მიზანია ნატოელი მოკავშირეების საიმედო დაცვის უზრუნველყოფა. როგორც კირბიმ თქვა, აშშ-ს ევროპაში უკვე აქვს მყარი შესაძლებლობები, რაც 80 000-მდე სამხედროს მოიცავს.

თეთრი სახლის პრესმდივანს, ჯენ საკის ვაშინგტონში 2 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, განაპირობა თუ არა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება ევროპაში დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნის შესახებ, რაიმე ახალმა ინფორმაციამ. საკის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება ბოლო დღეების რომელიმე კონკრეტულ მოვლენას და აშშ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილავდა სამხედროების გაგზავნის საკითხს. თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინს ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში ნათლად უთხრა, რომ თუ რუსეთი ესკალაციის გზაზე დარჩება, აშშ საკუთარი ძალების განთავსებაში ცვლილებებს შეიტანს აგრესიის შესაკავებლად და ნატოელი მოკავშირეების დასაცავად.

XS
SM
MD
LG