Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი კადიროვს შეხვდა უფლებადამცველის მიმართ მოკვლის საჯარო მუქარის ფონზე


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეხვდა რამზან კადიროვს, ჩეჩნეთის ლიდერს, რომელსაც კრემლი უმაგრებს ზურგს. შეხვედრის ფონია ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი, რომელიც მოჰყვა ჩრდილოეთ კავკასიის არასტაბილური რეგიონის ხელმძღვანელობის მხრიდან უფლებადამცველის, ადვოკატის მიმართ მოკვლის ღია მუქარას.

კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა 3 თებერვალს ჟურნალისტებს ამცნო, რომ შეხვედრისას განიხილეს ჩეჩნეთში სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობა.

რამდენიმე საათით ადრე კადიროვის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი შეხვდნენ ერთმანეთს მოსკოვში 2 თებერვალს, რათა განეხილათ ეკონომიკური განვითარების საკითხები და ჩეჩნეთში პანდემიის შეზღუდვა.

ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფები მსოფლიოს მასშტაბით და რუსეთში წლების განმავლობაში ადანაშაულებენ კადიროვს, რომ ის ზედამხედველობს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს - გატაცების, წამების და გაუსამართლებლად დასჯის, ასევე ლგბტ-თემის წევრების დევნის ჩათვლით.

კრემლის ოპონენტები თვლიან, რომ პუტინი თვალს ხუჭავს თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და კანონის დარღვევაზე, რასაც კადიროვი სჩადის, რადგან იმედი აქვს, რომ ყოფილი საველე მეთაური გააკონტროლებს სეპარატისტულ განწყობას და ძალადობას ჩეჩნეთში.

2 თებერვლის შეხვედრა გაიმართა მთავრობის მიმართ მთელი რუსეთის მასშტაბით ჟურნალისტების, უფლებადამცველების და რიგითი მოქალაქეების მოწოდებების ფონზე, მიიღონ სამართლებრივი ზომები კადიროვის და მისი ხელისუფლების ზოგიერთი წევრის მიმართ, რომლებმაც თავიანთ საჯარო გაცხადებებში მუქარა გამოთქვეს ყოფილი ადვოკატის, აბუბაკარ იანგულბაევის და მისი ოჯახის წევრების მისამართით. იანგულბაევი ადვოკატად მუშაობდა „კომიტეტში წამების წინაააღმდეგ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG