Accessibility links

site logo site logo

პეკინი-2022 - საქართველოსთვის ისტორიული ზამთრის ოლიმპიური თამაშები


4-20 თებერვალს, ჩინეთი ზამთრის ოცდამეოთხე ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. ოთხმოცდათორმეტი ქვეყნის დელეგაციას შორის იქნება საქართველოს ნაკრებიც, რომელიც ოლიმპიურ კონკურენციაში ცხრა სპორტსმენით ჩაებმება. პეკინი-2022-ზე სულ სპორტის თხუთმეტ სახეობაში გათამაშდება მედლები. ქართველები კი მხოლოდ სამ სახეობაში გამოვლენ.

საქართველო ზამთრის ოლიმპიადებზე

დამოუკიდებელი საქართველოსთვის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორია 1994 წლიდან იწყება. ოცდარვა წლის წინ, ლილეჰამერის ოლიმპიადაზე ქართული გუნდიც ჩავიდა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით გამართულ ოფიციალურ ასპარეზობაში მონაწილე პირველი ქართველი სპორტსმენი იყო სამთო მოთხილამურე ზურაბ ჯიჯიშვილი. მის გარდა, ლილეჰამერის ქართულ დელეგაციაში კიდევ ოთხი სპორტსმენი შევიდა: ასევე მოთხილამურე ლევან აბრამიშვილი, ტრამპლინიდან მხტომელი კახა წაქაძე და მოციგავე წყვილი - კახა ვახტანგიშვილი და ლევან თიბილოვი. თანაგუნდელთაგან საუკეთესო შედეგით ოლიმპიადა მოციგავეებმა დაასრულეს - მეჩვიდმეტე ადგილი დაიკავეს.

სამთო მოთხილამურე სოფიო ახმეტელი პირველი ქალი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მიიღო მონაწილეობა. 1998 წელს, ნაგანოს ოლიმპიადაზე, ახმეტელის გარდა, გამოვიდნენ ზურაბ ჯიჯიშვილი, ლევან აბრამიშვილი და კახა წაქაძე, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ერთი ოლიმპიადის გამოცდილება. ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ჯიჯიშვილს ჰქონდა - მეთოთხმეტე ადგილი კომბინაციაში.

2002 წელს, სოლტ ლეიკ სიტის ოლიმპიურ თამაშებზე შედგა ქართველი მოციგურავის დებიუტი - ვახტანგ მურვანიძემ მეჩვიდმეტე შედეგი აჩვენა. ფიგურულ ციგურაობაში, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ანტონ სიხარულიძემ, რომელიც რუსეთის სახელით სრიალებდა.

საქართველო პეკინი 2022-მდე სულ შვიდ ოლიმპიადაზე გამოვიდა და საუკეთესო შედეგს მიაღწია ტურინის 2006 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. ფიგურულ ციგურაობაში, ქალთა ინდივიდუალურ გამოსვლაში, ელენე გედევანიშვილმა მეათე ადგილი დაიკავა. არც იქამდე და არც მას შემდეგ, ქართველები პირველ ათეულში არ მოხვედრილან. ელენე გედევანიშვილმა ვანკუვერისა (2010) და სოჭის (2014) ოლიმპიურ თამაშებშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ტურინის მიღწევა ორივეჯერ გააუარესა. 2010-ში მეთოთხმეტე შედეგი აჩვენა, ხოლო 2014-ში - მეცხრამეტე.

აქვე, დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ზამთრის ოლიმპიური თამაშები და ქართველი სპორტსმენების მიერ ნაჩვენები შედეგები:

1994 წლის 12-27 თებერვალი

ლილეჰამერი. ნორვეგია

ზურაბ ჯიჯიშვილი - სამთო სათხილამურო სპორტი, სწრაფდაშვება - 49-ე ადგილი; კომბინაცია - გამოეთიშა.

ლევან აბრამიშვილი - სამთო სათხილამურო სპორტი. სლალომი - გამოეთიშა

კახა წაქაძე - ტრამპილინიდან ხტომა - 50 მეტრი - 50-ე ადგილი, 120 მეტრი - 55-ე ადგილი

ლევან თიბილოვი და კახა ვატანგიშვილი - ორადგილიანი ციგა - მე-17 ადგილი

1998 წლის 7-22 თებერვალი

ნაგანო. იაპონია

ზურაბ ჯიჯიშვილი - სამთო სათხილამურო სპორტი, სუპერგიგანტი - გამოეთიშა, კომბინაცია - მე-14 ადგილი

ლევან აბრამიშვილი - სამთო სათხილამურო სპორტი. სლალომი - გამოეთიშა

სოფიო ახმეტელი - სამთო სათხილამურო სპორტი. სლალომი -გამოეთიშა

კახა წაქაძე - ტრამპილინიდან ხტომა - 90 მეტრი - 55-ე ადგილი, 120 მეტრი - 59-ე ადგილი

2002 წლის 8-24 თებერვალი

სოლტ ლეიკ სიტი. აშშ

რობერტ მახარაშვილი - სამთო სათხილამურო სპორტი, სლალომი - გამოეთიშა,

სოფიო ახმეტელი - სამთო სათხილამურო სპორტი. სლალომი - გამოეთიშა, გიგანტური სლალომი - გამოეთიშა

კახა წაქაძე - ტრამპილინიდან ხტომა - საშუალო ტრამპლინი - 58-ე ადგილი, გრძელი ტრამპლინი - 64-ე ადგილი

ვახტანგ მურვანიძე - ფიგურული ციგურაობა - მე-17 ადგილი

2006 წლის 10-26 თებერვალი

ტურინი. იტალია

იასონ აბრამაშვილი - სამთო სათხილამურო სპორტი, სლალომი - 32-ე ადგილი, გიგანტური სლალომი - 29-ე ადგილი

ვახტანგ მურვანიძე - ფიგურული ციგურაობა - მე-17 ადგილი

ელენე გედევანიშვილი - ფიგურული ციგურაობა - მე-10 ადგილი

2010 წლის 12-28 თებერვალი

ვანკუვერი. კანადა

იასონ აბრამაშვილი - სამთო სათხილამურო სპორტი, სლალომი - გამოეთიშა, გიგანტური სლალომი - 46-ე ადგილი

ჯაბა გელაშვილი - სამთო სათხილამურო სპორტი, სლალომი - გამოეთიშა, გიგანტური სლალომი - 50-ე ადგილი

ნინო წიკლაური - სამთო სათხილამურო სპორტი, სლალომი - გამოეთიშა, გიგანტური სლალომი - 50-ე ადგილი

ელენე გედევანიშვილი - ფიგურული ციგურაობა - მე-14 ადგილი

ოთარ ჯაფარიძე / ელისონ რიდი - ფიგურული ციგურაობა, ცეკვები - 22-ე ადგილი

ლევან გურეშიძე - ციგაობა (სტარტზე არ გამოსულა)

2014 წლის 7-23 თებერვალი

სოჭი.რუსეთი

იასონ აბრამაშვილი - სამთო სათხილამურო სპორტი , სლალომი - გამოეთიშა, გიგანტური სლალომი - 23-ე ადგილი

ალექს ბენიაიძე - სამთო სათხილამურო სპორტი , სლალომი - გამოეთიშა, გიგანტური სლალომი - გამოეთიშა

ნინო წიკლაური - სამთო სათხილამურო სპორტი , სლალომი - 49-ე ადგილი, გიგანტური სლალომი - გამოეთიშა

ელენე გედევანიშვილი - ფიგურული ციგურაობა - მე-19 ადგილი

2018 წლის 9-25 თებერვალი

პიონჩანგი. სამხრეთ კორეა

მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა - 24-ე ადგილი

იასონ აბრამაშვილი- სამთო სათხილამურო სპორტი, სლალომი - 28-ე ადგილი, გიგანტური სლალომი - გამოეთიშა

გიორგი სოღოიანი - ციგაობა - 32-ე ადგილი

ნინო წიკლაური - სამთო სათხილამურო სპორტი, სლალომი - 39-ე ადგილი, გიგანტური სლალომი - 46-ე ადგილი

ტრაგედია

ვანკუვერის 2010 წლის ოლიმპიური თამაშები ტრაგედიით დაიწყო. გახსნის ცერემონიის დაწყებამდე საათებით ადრე, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის საციგაო ტრასაზე, საწვრთნელი დაშვებისას მართვა დაკარგა, ტრასიდან ამოვარდა და დაახლოებით 145 კილომეტრი საათში სიჩქარით, სვეტს შეეჯახა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი ვერტმფრენით გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გახსნის ცერემონიაზე, საქართველოს დელეგაცია არენაზე შავი სამკლაურებით გამოვიდა. ქუმარიტაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი სხვა სპორტულმა დელეგაციებმა და ტრიბუნებზე შეკრებილმა მაყურებლებმა.

ნოდარ ქუმარიტაშვილი
ნოდარ ქუმარიტაშვილი

ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორთა ოფიციალური განცხადებით, ტრაგედია ქართველი მოციგავის შეცდომას მოჰყვა და არა ტრასის გაუმართაობას. მათი და ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის ერთობლივ განცხადებაში ეწერა, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილმა ერთ-ერთ მოსახვევში სწორად შესვლა ვერ შეძლო და შედეგად, ციგის მართვა დაკარგა. ამ განცხადების მიუხედავად, თითქმის ყველა აღიარებდა, რომ უისტლერის ტრასა ნამდვილად არ იყო უსაფრთხო. ეს სულ სხვა ინციდენტმაც დაადასტურა - იმავე მოსახვევში, საწვრთნელი დაშვებისას, ძლივს გადაურჩა ტრაგედიას ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი, იტალიელი არმინ ცოგელერი. მანაც მართვა დაკარგა, ციგიდან გადმოვარდა და დაახლოებით ორასი მეტრი ზურგზე დაცემულმა ისრიალა. რუმინელმა ვიოლეტა სტრამატურარუმ კი ტვინის შერყევა მიიღო და შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება ვეღარ შეძლო.

ნოდარ ქუმარიტაშვილი 2010 წლის 20 თებერვალს, მის მშობლიურ ბაკურიანში დაკრძალეს, ეკლესიის ეზოში. ბაკურიანშივე, იმ ქუჩას, სადაც 21 წლის მოციგავე ცხოვრობდა, მისი სახელი ეწოდა.

აწეული თამასა და ახალი ქართული რეკორდების მოლოდინი

მომავალი ოლიმპიური თამაშები უკვე გამორჩეული და წარმატებულია საქართველოსთვის. პირველ ყოვლისა, დელეგაციაში მყოფი სპორტსმენების რაოდენობით. აქამდე რეკორდი შვიდი სპორტსმენი იყო, ვანკუვერის ოლიმპიადაზე. პეკინში კი ეს რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. კიდევ უფრო საამაყოა, ფიგურულ ციგურაობაში მიღწეული წარმატება. ერთი წლის წინ, ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც ვერ წარმოიდგენდა, რომ ქართველი მოციგურავეები პეკინი-2022-ზე გუნდურ შეჯიბრებაში გამოსვლის უფლებას მოიპოვებდნენ. ამისთვის ხომ აუცილებელი იყო ოლიმპიადის ლიცენზიის აღება ფიგურული სრიალის ოთხივე დისციპლინაში: ქალებში, მამაკაცებში, სპორტულ წყვილებსა და სპორტულ ცეკვებში. საქართველომ აქამდე შეუძლებელი შეძლო.

სალიცენზიო ნორმატივი პირველმა ალინა ურუშაძემ შეასრულა, 2021 წლის მარტში, შვედეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე. იქვე გაინაღდა პეკინის საგზური მორის ყვითელაშვილმაც. წყვილებში კი საქართველოს ნაკრების წევრებმა წარმატებას გერმანიაში მიაღწიეს, დასკვნით საკვალიფიკაციო ტურნირზე. სპორტულ წყვილებში კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ მოიპოვეს ლიცენზია, ხოლო სპორტულ ცეკვებში - მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ. ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ ქართველი მოციგურავეები ოლიმპიადაზე აუტსაიდერების რანგში არ მიდიან!

საინტერესოა დელეგაციაში მოციგავე საბა ქუმარიტაშვილის გამოჩენა. საბა ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილია და ადვილი წარმოსადგენია, რას ნიშნავს მისთვის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა.

4 თებერვალს, ოლიმპიადის გახსნის ცერემონია თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და მასზე საქართველოს დელეგაციის მედროშეები იქნებიან მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.

პეკინი-2022-ის ქართული განრიგი

4 თებერვალი

06:02-07:15 ფიგურული ციგურაობა. გუნდური – მამაკაცები. მოკლე პროგრამა (მორის ყვითელაშვილი)

07:41-08:54 ფიგურული ციგურაობა. გუნდური – ცეკვები. რიტმული ცეკვა (მარია კაზაკოვა/გიორგი რევია)

09:22-10:55 ფიგურული ციგურაობა. გუნდური – წყვილები. მოკლე პროგრამა (კარინა საფინა/ლუკა ბერულავა)

16:00-18:10 გახსნის ცერემონია

5 თებერვალი

15:10-18:00 ციგაობა (1-2 დაშვება) (საბა ქუმარიტაშვილი)

6 თებერვალი

05:30-06:50 ფიგურული ციგურაობა. გუნდური. ქალები. მოკლე პროგრამა (ანასტასია გუბანოვა)

07:57-08:40 ფიგურული ციგურაობა. გუნდური. წყვილები. თავისუფალი პროგრამა (კარინა საფინა/ლუკა ბერულავა)

15:30-18:15 ციგაობა (3-4 დაშვება) (საბა ქუმარიტაშვილი)

7 თებერვალი

05:15-06:01 ფიგურული ციგურაობა. გუნდური. მამაკაცები. თავისუფალი პროგრამა (მორის ყვითელაშვილი)

06:31-07:10 ფიგურული ციგურაობა. გუნდური. ცეკვები. თავისუფალი პროგრამა (მარია კაზაკოვა/გიორგი რევია)

07:37-08:40 ფიგურული ციგურაობა. გუნდური. ქალები. თავისუფალი პროგრამა (ანასტასია გუბანოვა)

09:45-11:55 სამთო თხილამურები. ქალები. გიგანტური სლალომი (ნინო წიკლაური)

8 თებერვალი

05:15-09:30 ფიგურული ციგურაობა. მამაკაცები. მოკლე პროგრამა (მორის ყვითელაშვილი)

9 თებერვალი

09:45-11:30 სამთო თხილამურები. ქალები. სლალომი. (ნინო წიკლაური)

10 თებერვალი

05:30-09:40 ფიგურული ციგურაობა. მამაკაცები. თავისუფალი პროგრამა (მორის ყვითელაშვილი)

12 თებერვალი

15:00-18:40 ფიგურული ციგურაობა. ცეკვები. რიტმული ცეკვა (მარია კაზაკოვა/გიორგი რევია)

13 თებერვალი

09:45-12:05 სამთო თხილამურები. მამაკაცები. გიგანტური სლალომი. (სოსო ჯაფარიძე)

14 თებერვალი

05:15-08:50 ფიგურული ციგურაობა. ცეკვები. თავისუფალი პროგრამა (მარია კაზაკოვა/გიორგი რევია)

15 თებერვალი

14:00-18:25 ფიგურული ციგურაობა. ქალები. მოკლე პროგრამა (ანასტასია გუბანოვა)

16 თებერვალი

09:45-11:55 სამთო თხილამურები. მამაკაცები. სლალომი. II ცდა (სოსო ჯაფარიძე)

17 თებერვალი

14:00-18:10 ფიგურული ციგურაობა. ქალები. თავისუფალი პროგრამა (ანასტასია გუბანოვა)

18 თებერვალი

14:30-17:45 ფიგურული ციგურაობა. წყვილები. მოკლე პროგრამა (კარინა საფინა/ლუკა ბერულავა)

19 თებერვალი

15:00-18:10 ფიგურული ციგურაობა. წყვილები. თავისუფალი პროგრამა (კარინა საფინა/ლუკა ბერულავა)

20 თებერვალი

16:00-18:00 დახურვის ცერემონია

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG