Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოატყუე, ოღონდ კრეატიულად - დეზინფორმატორები ტიკტოკზე გარბიან


თუ ქართველი კონსერვატორები და ულტრამემარჯვენეები მოგწონს, შეიძლება ვლადიმირ ჟირინოვსკის გამოსვლებსაც მოუსმინო - ასე “ფიქრობს” სოციალური ქსელის ტიკტოკის ალგორითმი.

ორი დღე ფეისბუკზე სიძულვილის ენის გამო არაერთხელ დაბლოკილი პატრიოტული გვერდების შესწავლას დავუთმე. მათი “ტიკტოკების” ყურება იმით დამთავრდა, რომ ანტიქართული პოზიციით განთქმული რუსი პოლიტიკოსის არხმა თავად მიპოვა.

“კიდევ უფრო დამამცირებელი”

“ვერ ეღირსებით საქართველოს ქართველების გარეშე” - პატარა გოგონა თანატოლებს პატრიოტულ ლექსს უკითხავს. ამ “ტიკტოკს” 3500-ზე მეტი მოწონება აქვს. იმავე არხზე ნახავთ ჰომოფობიურ ვიდეოებს და ჯგუფის, “ალტ ინფოს” წევრების პირობას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რუსეთთან უპირობო დიალოგს დაიწყებენ.

რამდენიმე დღის წინ, არამსათავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” ამ და კიდევ 62 ტიკტოკ არხზე დაკვირვების ანგარიში გამოაქვეყნა. აქედან 21 არხი მკვლევრებმა “პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებლად” შეაფასეს.

შესწავლილი არხების ნაწილი “ნაციონალურ მოძრაობას” ლანძღავს, ნაწილი “ქართულ ოცნებას” “ემტერება”, რამდენიმე კი ხელისუფლებასაც ერჩის და ოპოზიციასაც. ასევე კვლევაში მოხვდნენ: ე.წ. “მედიის მასალის გამტარი” არხები, რომლებიც ამბებს შერჩევითად აქვეყნებენ და ამიტომ კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ მათ პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ. და ყველაზე მარტივად გასაშიფრი კონტენტი - პარტიების მახრდამჭერი არხები.

ორგანიზაციის პროექტების ოფიცერი, ნინი გვილია ფეისბუკზე წინასაარჩევნოდ დეზინფორმაციის, სიძულვილის ენის და მანიპულაციური მასალების გავრცელებას 3 წელიწადზე მეტია აკვირდება. ამბობს, რომ ტიკტოკის რამდენიმე არხი სრულიად ახალია და მათ ფეისბუკ-“წინაპარები” არ ყავთ. მაგრამ მისთვის მოულოდნელად ტიკტოკზე ბევრი ძველი “ნაცნობიც” დახვდა.

2021 წლის 2 აგვისტოდან 6 ნოემბრამდე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართული ფეისბუკის მსგავსად, ტიკტოკზეც ფსონი სიძულვილის ენაზე, აცრის დემონიზებაზე, ეროვნული გრძნობებით და შიშებით მანიპულირებაზე იდება. მაგრამ პლატფორმის შესაძლებლობები ამ მესიჯების გავრცელებას კიდევ უფრო ამარტივებს. როგორც ვიდეოს შემქნელისთვის, ისე მისი გამზიარებლისთვისაც.

“ფეისბუკზე კონტენტს რომ აზიარებ, სტატუსადაც შეგიძლია რაღაც მიაწერო, მაგრამ იქ შიგნითვე შეგიძლია, ახალი ტექსტი მიადო, ახალი ჰეშტეგი - ამბობს ნინი გვილია - უფრო იუმორისტულ-ცინიკური, კიდევ უფრო დამამცირებელი კონტენტია ტიკტოკზე”.

ანგარიშის თანახმად, საკვლევ პერიოდში, “პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელმა” ქართულმა არხებმა ჯამში 1725 ვიდეო გამოაქვეყნეს. მათ 19 მილიონი ნახვა და თითქმის 600 ათასი ინტერაქცია (მოწონება + კომენტარი) მოაგროვეს.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიდეოები 19-მა მილიონმა ადამიანმა ნახა. ტიკტოკმა უბრალოდ 19 მილიონჯერ შესთავაზა მომხმარებლებს მათი ნახვა. ზუსტად რამდენი დასთანხმდა, არ ვიცით.

“ინტერაქცია არის ყველაზე მინიმალური, რაც ზუსტად ვიცით, რომ ადამიანმა შეხედა და რაღაც რეაქცია ჰქონდა. მინიმუმის კვალობაზე ეს ბევრია…”- ამბობს ნინი გვილია.

ტიკტოკის მოხმარებლების თითქმის 50% 34 წლის ქვემოთაა. 32,5% კი 10-19 წლისაა. საქართველოს შესახებ მონაცემები არ არის, მაგრამ კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ტიკტოკის წყალობით, პროპაგანდისტული მესიჯები მისდით მოზარდებს, რომლებიც ფეისბუკზე თითქმის არ არიან.

რატომ გიცნობთ ტიკტოკი ასე კარგად?

მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ვიდე-პლატფორმა 2018 წელს გაეშვა. ის ჩინური კომპანიის ByteDance-ის საკუთრებაა.

ტიკტოკზე ყოველთვე 1 მილიარდი ადამიანი შედის. როგორც კი გახსნით აპლიკაციას, ის მაშინვე ვიდეოს გთავაზობთ. რაც არ უნდა სქროლოთ, კონტენტის ნაკადი არასდროს დასრულდება.

თვითონ ვიდეოს შექმნა მარტივია, ამისთვის მონტაჟის ანა-ბანაც არ დაგჭირდებათ. შეგიძლიათ, აპლიკაციაშივე გადაიღოთ, გააფორმოთ ასობით აუდიო და ვიზუალური ეფექტით, დაადოთ ტექსტი, მუსიკა, და მიაწეროთ ჰეშტეგები.

სოც. მედია მარკეტოლოგების აზრით, ტიკტოკი ასეთი პოპულარული იმიტომა გახდა, რომ მისმა ალგორითმა ზუსტად “იცის” რა ვიდეოები შესთავაზოს თითოეულ მომხმარებელს. ყველაფერი, რასაც აპლიკაციაში გააკეთებთ, ან არ გააკეთებთ, დაეხმარება თქვენთვის ვიდეოების უკეთ “დამიზნებაში”.

ტელეკომპანია “ფორმულას” სოცმედია მენეჯერი ჯოზეფ ლალუაშვილი განმარტავს, რომ ალგორითმს სულ რამდენიმე დღე სჭირდება იმის მისახვედრად, რა გაინტერესებთ.

“იქამდე აგროვებს ინფორმაციას - რას ალაიქებ, სად ტოვებ კომენტარს, რას უყურებ, რამდენი წამი უყურებ. ამ ყველაფრს გათვალისწინებით, მარტივად, ერთი კვირის თავზე ხვდება, რა ტიპის ვიდეოები გაინტერესებს. მაგალითად, თუ გულავ ჭამის ვიდეოებს, მალე შენს “For you-ში” ვიდეოების უმეტესობა იქნება ჭამაზე” - ამბობს იგი.

მაგრამ The Wall Street Journal-ი ამტკიცებს, რომ ზოგჯერ ალგორითმს ამისთვის რამდენიმე საათიც ჰყოფნის, ყველაზე მეტად კი იმას “აკვირდება”, რამდენ ხანს უყურებთ ამა თუ იმ ვიდეოს.

გამომცემლობამ 100-ზე მეტ ბოტს ასიათასობით ვიდეო აყურებინა. ყველა ბოტი ისე დააპროგრამეს, რომ საკუთარი ინტერესები ჰქონოდა. მაგალითად, ზოგს ექსტრემალური სპორტი უყვარდა, ზოგის კი ცეკვა. ოღონდ ტიკტოკმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ინტერესს ბოტი მხოლოდ იმით გამოხატავდა, რომ თემატურ ვიდეოს ბოლომდე უყურებდა, ხანდახან კი ამეორებდა. თავიდან ტიკტოკი უბრალოდ პოპულარულ ვიდეოებს სთავაზობდა. შემდეგ კი, ბოტების რეაქციის მიხედვით სულ უფრო ავიწროვებდა შეთავაზებული ვიდეოების თემატიკას.

სულ რაღაც 2 საათში, ბოტს, რომელსაც “დეპრესია ჰქონდა”, (ამაზე იყო დაპროგრამებული) ტიკტოკმა “ანახა” ვიდეო, სადაც თვითმკვლელობისკენ მოუწოდებდნენ.
2021 წლის დეკემბერში, ნიუ-იორკ ტაიმსს ხელში ჩაუვარდა ტიკტოკის შიდა საბუთი, რომელიც ალგორითმის მუშაობას განმარტავდა. დოკუმენტის თანახმად, ალგორითმი სხვა სოციალური ქსელების მსგავსად მუშაობს და მას იგივე მიზანი აქვს - რაც შეიძლება დიდ ხანს არ დაახურინოს მომხმარებელს აპლიკაცია.

სატყუარა ახალგაზრდა მეამბოხეებისთვის

ტიკტოკზე დეზინფორმაციის და სიძულვილის ენის გავრცელება არაერთმა კვლევამ შეისწავლა. ერთ-ერთი უახლესი სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტმა, ISD-მ ჩაატარა.

2021 წლის ივნისში ორგანიზაციამ 117 ანგრიში და 1030 ვიდეო გამოიკვლია. მათ მიერ შესწავლილი ანგარიშები უარყოფდნენ ჰოლოკოსტს, ავრცელებდნენ სიძულვილის ენას, ჰომოფობიურ და რასისტულ მესიჯებს.

ISD-მ დაასკვნა, რომ მკაფიოდ გაწერილი წესების მიუხედავად, ტიკტოკს მოდერაციის პრობლემა აქვს და დარეპორტების მიუხედავად, ვიდეოების უმეტესობა არ წაშლილა.

ტიკტოკის მტკიცებით, მარტო 2021 წლის პირველ სამ თვეში “ძალადობრივი ექსტრემიზმის შემცველი” 300 000 ვიდეო წაშალა. მაგრამ ეს მთლიანად წაშლილი ვიდეოების მხოლოდ 0.5%-ა. ISD წერს, რომ სულ იმავე პერიოდში პლატფორმიდან 61 მილიონი ვიდეო წაიშალა. მათი უმეტესობა (36.8%) “ბავშვთა უსაფრთხოების” მოტივით. 21,1% “დანაშაულის წახალისებისა და აკრძალული ნივთიერებების მოხმარების” გამო, 15.6% ვიდეოების “სექსუალური ხასიათის” გამო, 8.1% კი “ძალადობრივ კონტენტად” შეფასდა.

ტიკტოკზე დეზინფორმაციის და ექსტრემისტული ვიდეოების გავრცელებას აკვირდება საფრანგეთის სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტს ჯეიმს კრიდონიც. იგი ამბობს, რომ ტიკტოკერი მანიპულატორები ხშირად მიმართავენ სხვა პლატფორმებზე კარგად ნაცად ხერხებს - რთული საკითხების განგებ ისე გამარტივებას, როცა ფაქტები მახინჯდება. ამის გამო კი “ახალგაზრდა ადამიანებმა, ვისაც აჯანყება სურთ და ისტებლიშმენტის საწინააღმდეგო განწყობები აქვთ, შეიძლება ასეთი ვიდეოები მოიწონონ”.

მკვლევრები იმასაც ამბობენ, რომ ალგორითმი მომხმარებელს მათი ინტერესების მიხედვით ანაწილებს ასობით და ათასობით კლასტერში. მაგრამ ჩვენ არაფერ ვიცით ამ კლასტერების და მათ უკან მდგარი ლოგიკის შესახებ. ალბათ ვერც მე გავიგებ ზუსტად, "ალტინფოს" ყურების მერე, რა პრინციპით ჩამსვა ტიკტოკმა კლასტერში, რომელსაც ვლადიმირ ჟირინოვსკი მოეწონება.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG