Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: "პარიკმახერი" 1 დღეში შემოუშვეს ჩემთან, პირად ექიმს 5 კვირაა არ უშვებენ


პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა სასამართლოს სხდომიდან, რომელზეც განიხილება სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. სააკაშვილი ითხოვს მასთან შევიდნენ ექიმები. მისთვის მიცემული რამდენიმე წუთი მან ბრალდებულისთვის გამოყოფილი ადგილიდან ამ მიმართვისთვის გამოიყენა.

"მე თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ, გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი, გუშინ მოვიდა და გამკრიჭა. 5 კვირაა, ჩემი ნიუ იორკიდან ჩამოსული ექიმი, ყიფშიძე, ყოველდღე წერს განცხადებას, რომ შემოუშვან ჩემთან. "პარიკმახერი" შემოუშვეს ერთ დღეში, ივანიშვილის ძალებით უკვე ხუთი კვირაა, ჩემთან არ უშვებენ ექიმებს. ეს იმ პირობებში, როდესაც მაქვს ძალიან ძლიერი სისუსტე, როდესაც მაქვს სერიოზული პრობლემები ჰიპერტონიასთან დაკავშირებით, მაქვს ძლიერი ანემია და ბევრი სხვა პროცესები", - თქვა სააკაშვილმა.

ამ მიმართვის შემდეგ მან სხდომათა დარბაზი დატოვა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება. ამ დროის განმავლობაში მასთან შედიოდა მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.

როგორც ექიმი ამბობს, სააკაშვილის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ, 30 დეკემბრიდან მას აღარ მისცემია მისი ნახვის საშუალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG