Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის დაზვერვა: რუსეთი გეგმავს ყალბი თავდასხმის ორგანიზებას, უკრაინაში შეჭრის საბაბის მოსაპოვებლად


რუსეთის არმიის მანევრები

აშშ-მა დაზვერვისგან მიიღო მონაცემები, საიდანაც ჩანს, რომ რუსეთმა შეიმუშავა გეგმა, ორგანიზება გაუკეთოს ყალბ თავდასხმას, რომელიც უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად გამოდგება.

ამის თაობაზე 3 თებერვალს იტყობინებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ამ ქვეყნის ოფიციალური პირები, რომელთა ნათქვამი ამერიკის მედიას მოჰყავს. მოხელეთა თანახმად, გეგმას გაეცნენ დაზვერვის გაშიფრულ მონაცემებში, რომელიც ბოლო დღეებში გაუზიარეს უკრაინის ხელისუფლებას და ასევე ევროპელ მოკავშირეებს. ოფიციალური პირის თანახმად (მისი ვინაობა არ გამოქვეყნებულა), გეგმა შეიცავდა ვიდეოს გავრცელებას, რომელზეც ასახული იქნებოდა დადგმული, გრაფიკულად შექმნილი თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე ან დონეცკის სამოქალაქო მოსახლეობაზე და გამოჩნდება უკრაინის და მისი მოკავშირეების აღჭურვილობა. მოხელის თქმით, თუ ასეთი ვიდეო გავრცელდებოდა, ის პუტინისთვის იქნებოდა „ნაპერწკალი“, დაეწყო და გაემართლებინა სამხედრო ოპერაცია. The New York Times-ის თანახმად, იგეგმებოდა ასეთი ვიდეოს გავრცელება, რათა რუსეთის საზოგადოებაში აღშფოთება გამოეწვიათ და უკრაინა გენოციდში დაედანაშაულებინათ.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების სფეროში მრჩევლის მოადგილემ, ჯონათან ფაინერმა ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-მა არ იცის, დაადგება თუ არა რუსეთი ამგვარ გზას, მაგრამ, „ვიცით, რომ ასეთი ვარიანტი განიხილებაო“. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა დაადასტურა, რომ ამერიკის დაზვერვამ მოიპოვა ასეთი ინფორმაცია. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ გაავრცელებს მას, რათა აჩვენოს უკრაინის მიმართ რუსეთის მადესტაბილიზებელი დამოკიდებულება და რათა ხელი ააღებინოს რუსეთს, როგორც პრაისმა თქვა, სახიფათო კამპანიაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG