Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 საქმეზე 2021 წელს პოლიციისა და ციხის თანამშრომლებს დანაშაული დაუმტკიცდათ

გასულ წელს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოძიებულ ხუთ საქმეზე პოლიციის და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს დანაშაული დაუმტკიცდათ. უწყების 2021 წლის საქმიანობის მოკლე ანგარიშში მოხვდა როგორც გახმაურებული საქმეები, ასევე მედიისთვის და საზოგადოებისთვის უცნობი შემთხვევები. მათ შორის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული ახალგაზრდების მიმართ არაადამიანური მოპყრობის შემთხვევა და შემთხვევები იუსტიციის სახლებში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის შესახებ.

ინსპექტორის სამსახურიდან რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული მასალებით ირკვევა, რომ ხუთიდან ოთხ შემთხვევაში პროკურატურამ დამნაშავეებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

შსს-ს თანამშრომლები ჯარისკაცებს კბილის ჯაგრისით საპირფარეშოებს ახეხვინებდნენ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ ახალგაზრდებს, დასჯის მიზნით, ღირსების შემლახავად ექცეოდნენ და საპირფარეშოებს კბილის ჯაგრისით ახეხვინებდნენ.

ამ საქმეზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა სამმართველოს ცვლის უფროსს, დიმიტრი დევდარიანს. ინსპექტორმა დადგინდა:

  • "2020 წლის 14 მარტს ცვლის უფროსმა დ.დ-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ერთ ჯარისკაცს, ერთი საათიდან ორ საათამდე ხანგრძლივობით, 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით აღჭურვილს, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში კბილისა და ფეხსაცმლის ჯაგრისებით ახეხინა ყაზარმის საპირფარეშო ოთახის იატაკი";
  • "2020 წლის 25 მაისს ცვლის უფროსმა დ.დ-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ერთი ჯარისკაცი აღჭურვა 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით და აღნიშნული ეკიპირებით, ათი-თერთმეტი საათის განმავლობაში, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, ფეხსაცმლისა და კბილის ჯაგრისებით, ახეხინა ყაზარმის საკლასო ოთახის სივრცე, საპირფარეშო ოთახის იატაკი, საპირფარეშოს კარები და ჩარჩოები, უნიტაზი და პირსაბანი ნიჟარა".

ამავე საქმეზე 2022 წელს ბრალი დაუმტკიცდა ცვლის უფროსს, გიორგი ბიჩინაშვილსაც და 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გამოძიების მიხედვით:

  • "2020 წლის 28 იანვარს ცვლის უფროსმა გ.ბ-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ერთ ჯარისკაცს, ნახევარი საათიდან ერთ საათამდე ხანგრძლივობით, კბილის ჯაგრისით, ჩამუხლულ მდგომარეობაში ახეხინა ყაზარმის საპირფარეშოს პირსაბანი ოთახის იატაკი და ონკანის ნიჟარები";
  • "2020 წლის 24 მაისს ცვლის უფროსმა გ.ბ-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ 2 ჯარისკაცს, ორი საათიდან ოთხ საათამდე ხანგრძლივობით, 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით აღჭურვილებს, ფეხსაცმლის საწმენდი ჯაგრისით, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, ახეხინა ყაზარმის საკლასო ოთახის სივრცე, პირსაბანი ოთახის იატაკი და საპირფარეშოს კარი".

ციხეში თვითმკვლელობა

ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიებული ორი საქმე იდენტურია - პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სუიციდისკენ მიდრეკილ ორ პატიმარს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს და მათ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.

  • "[2020 წლის ივლისში რუსთავის №8 დაწესებულებაში ინპსექტორმა] მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო პატიმრის მიერ დროებითი მოთავსების იზოლატორში განხორციელებული სუიციდის მცდელობის, მის მიმართ დაწესებული 24 საათიანი ვიდეომეთვალყურეობის მიმდინარეობისა და სუიციდის რისკის მქონე პატიმრისათვის განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობის საჭიროების შესახებ, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა სააბაზანო ოთახში (სადაც არ მიმდინარეობდა ვიდეომეთვალყურეობა) მარტო მყოფი პატიმარი არ შეამოწმა 51 წუთის განმავლობაში, რა პერიოდშიც აღნიშნულმა პატიმარმა განახორციელა სუიციდი";
  • "[2020 წლის სექტემბერში ქსნის №10 ინსპექტორმა] ჯეროვნად არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა (პენიტენციური დაწესებულების საკანში მყოფ პატიმრებზე მუდმივი კონტროლის განხორციელება) და პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობას არ შეატყობინა მონიტორზე აღბეჭდილი ისეთი საეჭვო ქმედების შესახებ, რასაც შესაძლოა გამოეწვია პატიმრის გარდაცვალება. პატიმრის საეჭვო ქმედების განხორციელებიდან მალევე, აღნიშნულმა პატიმარმა განახორციელა სუიციდი".

ორივე შემთხვევაში პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა და მათ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, რაც პირობითად ჩაეთვალათ.

შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომლების ძალადობა მოქალაქეებზე

დანარჩენი ხუთი საქმიდან ორი საქმეც ერთმანეთის მსგავსია. ორივე იუსტიციის სახლთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მოქალაქეებზე ძალადობას შეეხება.

  • 2020 წლის დეკემბერში თბილისის იუსტიციის სახლის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რამდენჯერმე თავის არეში ხელისა და ხელის რადიოსადგურის ("რაცია") ჩარტყმით ფიზიკური დაზიანება მიაყენა მოქალაქეს;
  • 2021 წლის თებერვალში ახალქალაქის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს დაცვის სამსახურის უფროსმა ინსპექტორმა სამედიცინო პირბადისა და წინასწარი ჯავშნის არქონის გამო მოქალაქე არ შეუშვა შენობაში. "მოქალაქის მხრიდან შეპასუხებით გამოწვეული უკმაყოფილების გამო უმცროსმა ინსპექტორმა თავი ჩაარტყა მას სახის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება".

ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა და დამნაშავეებს სასჯელი ჩაეთვალათ პირობითად.

XS
SM
MD
LG