Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 24600-ზე მეტ ადამიანს, 54 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 54 პაციენტი. ეს 4 იანვრის შემდეგ ლეტალობის ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 73 251 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 24 616 შემთხვევა. 18 221-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

ერთი დღით ადრე, ორშაბათს, 7 თებერვალს დილით გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკით, 33 905 ტესტირებული პირიდან კორონავირუსი აღმოაჩნდა ​11 235-ს. კვირა დღეს ტესტირების მაჩვენებელი, როგორც წესი, შემცირებულია და, შესაბამისად, წინა დღეებთან შედარებით ნაკლებია ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, რომელიც ორშაბათობით ქვეყნდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გასული კვირის ბოლოს განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდემიის მორიგი ტალღის პიკია და სიტუაცია დაღმავალი ფაზისკენ წავა თუ არა, ამაზე იმსჯელებენ იმის მიხედვით, რა მონაცემები იქნება ამ კვირის სამშაბათს და ოთხშაბათს.

ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დადასტურებული შემთხვევებიდან 95% "ომიკრონია". ამასთან, ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, სამჯერ მეტია, რადგან ბევრს დაავადება უსიმპტომოდ, ან უმნიშვნელო სიმპტომებით აქვს და ტესტს არ იკეთებს.

8 თებერვლის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 33.61%;
  • ბოლო 7 დღის - 31.86%;
  • ბოლო 14 დღის - 28.31%.

ოფიციალური სტატისტიკით, 8 თებერვლის დილისთვის, საერთო ჯამში, 210 686 აქტიური შემთხვევაა. მათგან:

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 082;
  • კლინიკურ სასტუმროში - 1 897.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 350 454 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 300 ადამიანი.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG