საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა უნდა იმსჯელონ კორონავირუსით ინფიცირებულთა იზოლაციის ვადის შემცირებაზე. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს დავალება მათ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 8 თებერვალს მისცა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადეს, რომ იზოლაციის ვადის შესაძლო შემცირებაზე უახლოეს დღეებში იმსჯელებენ საქართველოს და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
გაბუნიას თანახმად, არსებობს სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომ იზოლაციის ვადა ხუთ დღემდე შემცირდა იმ დათქმით, რომ მეხუთე დღეს გაკეთებული ტესტის პასუხი უარყოფითი უნდა იყოს და პირმა საქმიანობა გააგრძელოს პირბადის გამოყენებით. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, იზოლაციის ვადის შემცირების გადაწყვეტილების მიღებისას აქცენტი კეთდება მათზე, ვისი სამსახურში დროულად დაბრუნება მნიშვნელოვანია და პირველ ყოვლისა, ეს ეხება სამედიცინო პერსონალს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბევრი საერთაშორისო მტკიცებულება არსებობს, რომ ამჟამად ფართოდ გავრცელებული, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი გადამდებია 3-6 დღის ფარგლებში, თუმცა, იზოლაციის ვადის შესახებ ერთიანი მიდგომა არ არსებობს და ზოგიერთ ქვეყანაში ეს პერიოდი 5 დღეა და ზოგიერთში - 7. გამყრელიძის ინფორმაციით, საერთაშორისო გამოცდილების და საქართველოს მონაცემების გათვალისწინებით, შიდა კონსულტაციებს უახლოესი სამი დღის განმავლობაში გამართავენ და თუ იზოლაციის ვადა შემცირდება, ეს პირველ ყოვლისა, შეეხება სამედიცინო პერსონალს.
საქართველოში 2022 წლის 17 იანვრიდან მოქმედი წესებით, ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტებისთვის იზოლაციის ვადა 8 დღეა, ხოლო საშუალო ან მძიმე შემთხვევებში -10 დღე.