Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მმართველ პარტიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ოკუპირებულ ცხინვალში ისტორიულს უწოდებენ

პარტია „ედინაია ოსეტია"-ს ყრილობა ცხინვალში.
პარტია „ედინაია ოსეტია"-ს ყრილობა ცხინვალში.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ „ედინაია ოსეტია"-მ და რუსეთის ფედერაციის მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ „ედინაია როსია"-მ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას.

დოკუმენტს ხელი „ედინაია ოსეტიას“ თავმჯდომარემ, დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ალან ტადტაევმა და „ედინაია როსიას“ გენერალური საბჭოს მდივანმა, ანდრეი ტურჩაკმა მოაწერეს. - ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ი იუწყება. ხელშეკრულების ხელმოწერა „ედინაია ოსეტიას“ პარტიული VIII ყრილობის ფარგლებში მოხდა, რომელზეც დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოახლოებულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტიის კანდიდატად დაასახელეს.

ხელმოწერის წინა დღეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ალან ტადტაევმა განაცხადა, რომ ორი მხარის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები და მოლაპარაკებები რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ გაწეული სამუშაოს შედეგი იყო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. ალან ტადტაევმა დასძინა, რომ შეთანხმების ხელმოწერა და ინტერპარტიული თანამშრომლობა მალე გამოიღებს „ნაყოფს“, რომელსაც რესპუბლიკის ყველა მოქალაქე იგრძნობს.

პარტიული ყრილობის მონაწილეებს მიესალმა რუსეთის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ანდრეი ტურჩაკი და დმიტრი მედვედევის მილოცვა გადასცა.

„რუსეთი დიდად აფასებს სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობას, ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი. სწორედ ფრაქცია „ერთიანმა რუსეთმა“ დაუჭირა მხარი რუსეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ. შეთანხმება „დამატებითი სტიმულია ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. და ეს ხელს შეუწყობს საინვესტიციო პროგრამის განხორციელებას“, - განაცხადა ტურჩაკმა. მისი თქმით, რესპუბლიკას უნდა ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც მუშაობს სახელმწიფოს განვითარებისთვის.

„პრეზიდენტობის წლების განმავლობაში ანატოლი ბიბილოვმა დაიმკვიდრა თავი, როგორც კარგმა პოლიტიკოსმა... პრობლემა არ წყდება ლამაზი ლოზუნგებით. სამხრეთ ოსეთის განვითარება დამოკიდებულია არჩევნების შედეგზე. „ერთიანი რუსეთი“ მზად არის ახალი ეტაპისთვის. თანამშრომლობისა და სამხრეთ ოსეთის ხალხის გონივრული გადაწყვეტილების იმედად“, - განაცხადა ტურჩაკმა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო მმართველი პარტიის ყრილობაზე და ბიბილოვის კანდიდატად წარდგენის ღონისძიებაზე რუსეთის დელეგაციის გარდა, ლუგანსკის და დონეცკის ე.წ სამთავრობო დელეგაციის წევრებიც ჩავიდნენ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მაშინ რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ორგანოში აღიარებას მხარი უმრავლესობამ, „ედინაია როსიას“ დეპუტატებმა დაუჭირეს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსდა რუსეთის სამხედრო ბაზა. ცხინვალის მიმდებარე ქართული სოფლებიდან ათობით ათასი მოქალაქე დევნილად იქცა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ქართული სოფლები კი მთლიანად გაანადგურეს.

XS
SM
MD
LG