Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობს


თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი. სასამართლო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეს განიხილავს.

სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა სახლების ამსახველი ფოტოები წარადგინა, რომლებიც, მისი თქმით, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, სემეკის ხელმძღვანელ დავით ნარმანიას და პროკურორ ჯარჯი წიკლაურს ეკუთვნით.

სააკაშვილის მოქმედებას პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის სიტყვიერი წინააღმდეგობა მოჰყვა. მისი თქმით, სააკაშვილი სიცრუის ტირაჟირებას ეწევა.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მხარეებს მოუწოდა სიმშვიდისკენ და მათ ასევე შესთავაზა სხდომაზე შესვენების გამოცხადება, რასაც მხარეები არ დასთანხმდნენ და სხდომა გრძელდება.

9 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება საქმის განხილვა, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის, წარდგენილი ბრალდება ასე არის ფორმულირებული - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი ფულადი თანხის დიდი ოდენობით გაფლანგვა. პროკურატურის თანახმად, საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს. გამოძიების ვერსიით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურა აცხადებს, 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განმარტებით, „ამ საქმეს რეალურად იურიდიული შინაარსი არ გააჩნია. უფრო მეტიც, ზუსტად იმავე ტიპის ხარჯები გრძელდებოდა 2013 წელსაც, როდესაც ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და „ქართულ ოცნებას" ჰქონდა უმრავლესობა პარლამენტში. მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ზუსტად იგივე წესით განაგრძობდა მათ მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვას და ამ ნაწილში არავითარი კითხვები არ აქვს თვითონ „ქართულ ოცნებას". ეს ნიშნავს ერთადერთს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებები დაუსაბუთებელია".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG