Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტს მოუწოდებენ უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს ოპოზიციონერ დეპუტატებს


არასამთავრობო ორგანიზაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. ამ ორგანიზაციების მიერ დღეს, 10 თებერვალს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადება ეხება სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.

7 თებერვალს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილისთვის, „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიასთვის და ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. ნათელაშვილის და ხოშტარიას შემთხვევაში საფუძვლად დასახელებულია პარლამენტის რეგლამენტი, რომელიც ითვალისწინებს დეპუტატის მიერ არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, ხოლო ჯაფარიძის შემთხვევაში - სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში.

დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი საბოლოოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრით უნდა გადაწყდეს. პლენარული სხდომები მომავალ კვირაში განახლდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, დასახელებული მიზეზით, ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არ გააჩნია მყარი სამართლებრივი საფუძველი. არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ კვალიფიკაცია შეცვალა და ხანდაზმული მუხლით გამოიტანა სადავო გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც შესაძლოა, ზედა ინსტანციის სასამართლომ შეცვალოს:

„მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს. საკითხის პარლამენტის მიერ გადაწყვეტას კონსტიტუცია სწორედ იმიტომ ითვალისწინებს, რომ დეპუტატებმა იმსჯელონ, თუ რამდენად მიზანშეწოლია უფლებამოსილების შეწყვეტა კოლეგისათვის, პირველ რიგში, ქვეყნისა და ამომრჩევლის ინტერებიდან გამომდინარე. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქმე ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა და შესაძლოა, ზედა ინსტანციის სასამართლოებმა სხვა გადაწყვეტილებები მიიღონ, მაშინ როდესაც დეპუტატს უკვე შეწყვეტილი ექნება უფლებამოსილება“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“ ხაზს უსვამენ იმ გარემოებასაც, რომ პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ცესკოში სათადარიგო პარტიული სიები გააუქმა, ამიტომ ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მას არავინ შეცვლის და პარტიას პარლამენტში ეყოლება ერთი დეპუტატით ნაკლები.

"ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისათვის უფლებამოსილების უკანონოდ ვადაზე ადრე შეწყვეტა საგანგაშო ნიშანია, რომლის მიზანი შესაძლოა ოპოზიციის დასუსტება და შედეგად, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის არასრულფასოვნად განხორციელება იყოს. ჩნდება ეჭვი, რომ ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის განზრახვა ასევე უკავშირდება ფრაქციის გააქტიურებას ანტიკორუფციული მიმართულებით და საქართველოში ელიტური კორუფციის დამდგენი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად", - ნათქვამია ორი ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში.

რაც შეეხება არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების“ თანახმად:

„ამ საფუძვლით ნათელაშვილისა და ხოშტარიას შემთხვევაში უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე პარლამენტმა პლენარული კენჭისყრისას უარი ერთხელ უკვე განაცხადა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინა კენჭისყრისგან განსხვავებით, ამ დროისთვის შალვა ნათელაშვილს საჯაროდ გაცხადებული აქვს, რომ განიხილავს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას. მიუხედვად იმისა, რომ ნათელაშვილს ბოიკოტის გამოცხადებისთვის პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლით დადგენილი პროცედურები არ გაუვლია, მისი საჯარო განცხადებები პარლამენტში არშესვლის შესახებ შეიძლება, ჩაითვალოს, ბოიკოტის გამოცხადებად, როგორც ბოიკოტის ეკვივალენტური“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებენ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებისას ოპოზიციის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით ოპოზიციისთვის გარკვეული უფლებების მინიჭება ოპოზიციურ პარტიებს მაინც არ აძლევს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე სრულყოფილი ზედამხედველობის საშუალებას, საქართველოს პარლამენტი კი, ბოლო წლებში, კონტროლის თვალსაზრისით არაეფექტურობით გამოირჩეოდა, მათ შორის, პანდემიის მართვის მიმართულებით.

ორი ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას და საკითხი გადაწყვიტოს ქვეყნის ინტერესებიდან და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები" პარლამენტს მიმართავენ, დაიწყოს მსჯელობა პარტიების მიერ გაუქმებული სათადარიგო სიების აღდგენის შესაძლებლობაზე, რაც პოლიტიკური კრიზისის თავიდან არიდებას დაეხმარება, რადგან არსებული რეალობაც აჩვენებს, რომ სიების გაუქმების პრაქტიკა პრობლემურია და პარლამენტის არაქმედუნარიანობის საფრთხეს ქმნის.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში, კონსტიტუციით დადგენილი 150-ის ნაცვლად, ამჟამად 147 დეპუტატია. საკუთარი სურვილით, ვადაზე ადრე უფლებამოსილება შეიწყვიტეს ოპოზიციური პარტიების, "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს" და "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერებმა, ნიკა მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ლელომ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც გაყალბებულად მიიჩნევდნენ, სათადარიგო სიების გაუქმების პრაქტიკა გამოიყენეს. შესაბამისად, მელიას და ხაზარაძის ადგილმონაცვლედ პარტიული სიებიდან პარლამენტში ვეღარავინ შევიდა. ზურაბ ჯაფარიძემ ბოლო არჩევნებში კენჭი იყარა პარტია "გირჩის" სიით, თუმცა, მოგვიანებით პარტია დატოვა და ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნა. ჯაფარიძის ნაცვლად პარლამენტის დეპუტატი გახდა"გირჩის" სიაში მყოფი ჰერმან საბო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG