Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უფლებები საქართველო" მოითხოვს  ხელახალი კონკურსის გამოცხადებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევად


პარლამენტი 10 თებერვლიდან იწყებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შერჩევის პროცესს. ამ პოზიციაზე პარლამენტს პრემიერ-მინისტრმა ორი კანდიდატურა - ლელა ჯანაშვილი და თამარ ალფაიძე 9 თებერვალს წარუდგინა.

„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, რადგან ისინი ვერ აკმაყოფილებენ კვალიფიკაციის და დამოუკიდებლობის მინიმალურ სტანდარტებს.

ორგანიზაცია კანდიდატების შერჩევის პროცესს აკრიტიკებს.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კომისიის საქმიანობაში მონაწილეობდა „უფლებები საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე, კარლო ნიკოლეიშვილი, რომელიც კომისიაში, სახალხო დამცველის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი კვოტის ფარგლებში იყო წარდგენილი.

ორი განსხვავებული მოსაზრების მიუხედავად, კომისიამ პრემიერ-მინისტრს სამი კანდიდატი წარუდგინა. „უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენილი ვერც ერთი კანდიდატი ვერ პასუხობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისათვის აუცილებელი ცოდნისა და დამოუკიდებლობის მინიმალურ და საბაზისო მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ, „უფლებები საქართველომ“ პრემიერ-მინისტრს წარუდგინა განსხვავებული აზრი და კონკურსის ხელმეორედ გამოცხადება მოითხოვა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არ გაითვალისწინა „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენლის განსხვავებული მოსაზრება და პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად ორი კანდიდატი - ლელა ჯანაშვილი და თამარ ალფაიძე წარუდგინა",
- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„უფლებები საქართველო“ მიმართავს:

  • საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატებს და ამით შექმნას წინაპირობა კონკურსის ხელახალი გამოცხადებისთვის;
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად უზრუნველყოს სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის საკონსტიტუციო სარჩელების განხილვა;
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხელახალი კონკურსი გამოცხადდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მითითებულ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

საკონკურსო კომისიებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატებად 3-3 პირი შეარჩიეს, რომლებიც პრემიერ-მინისტრს წარუდგინეს. პროცედურით, პრემიერი მათგან 2-2 კანდიდატს წარადგენს პარლამენტში.

კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე დღეში, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. ამ კანონით, 1 მარტიდან თანამდებობას ტოვებენ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობას ქვეყანაში არსებული კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ.

კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. ის ამბობდა, რომ მისი უწყების გაუქმებაზე რაიმე სახის კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებს.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა 7 დეკემბერს უკანონოდ ცნო პენიტენციური სისტემის მიერ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება და ამ კადრების წაშლის ვალდებულება და ფულადი ჯარიმა დააკისრა როგორც პენიტენციურ სისტემას, ასევე იუსტიციის სამინისტროს. სამინისტრომ ვიდეოები არ წაშალა და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 იანვარს გააუქმა ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და მისი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროებით პერსონალური მონაცემების დარღვევის თაობაზე.

კანონის მიღების შემდეგ, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გაკრიტიკებული იყო საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების გამო. საელჩო კრიტიკასთან ერთად აღნიშნავდა, რომ მისი შეფასებით, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან.

"მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა... განზრახ თუ უნებლიეთ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით", - ნათქვამია განცხადებაში.

კანონს პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო და შესაბამისად, ის ამოქმედდა.

XS
SM
MD
LG