უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად საქართველოს საპატიმროში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის საქმეზე.
„უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, უკრაინის გენერალური პროკურატურის წინასასამართლო გამოძიების პროცესუალურმა ხელმძღვანელმა დაზარალებულად ცნო უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი“, - ნათქვამია დენისოვას მიერ ფეისბუკით გავრცელებულ ცნობაში.
უკრაინის სახალხო დამცველის თანახმად, სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა მოხდა „საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების მიერ არამართებული ქმედებების შედეგად მისთვის მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანის გათვალისწინებით“.
მანამდე უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის გამო.
უკრაინის პროკურატურა მიიჩნევს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის საკმარისი საფუძველი არსებობს - მის მიმართ საქართველოში განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე. უკრაინის პროკურატურა, დაახლოებით თვენახევრიანი გამოძიების შემდეგ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში წერს, რომ უკრაინელი სამართალდამცველები იკვლევენ თავიანთი ქართველი კოლეგების მიერ სააკაშვილის მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებს.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ ის სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებითა და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლის გამო. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა.