Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ევროკავშირი ამთავრებენ რუსეთის მიმართ ახალი სანქციების მომზადების პროცესს


აშშ და ევროკავშირი ამთავრებენ რუსეთის მიმართ იმ ახალი სანქციების მომზადების პროცესს, რომელიც მოსკოვის მიმართ, უკრაინის ტერიტორიაზე ინტერვენციის შემთხვევაში ამოქმედდება.
ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, რომელთა თანახმად, ახალი შეზღუდვები, ცალკეული გამონაკლისებით, „სბერბანკსა“ და „ვი-თი-ბი“ ბანკს შეეხება.


სააგენტოს თანამოსაუბრეები აცხადებენ, რომ სანქციები არ ითვალისწინებს რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას, რის წინააღმდეგიც არიან ცალკეული ევროპული ქვეყნები, სადაც კრედიტორები შიშობენ, რომ მათ მილიარდობით დოლარის ვალს არ დაუფარავენ.

გარდა ამისა, შეზღუდვის ქვეშ შესაძლოა აღმოჩნდნენ რუსეთის ის საწარმოები, რომლებიც თავდაცვისა და ტექნოლოგიების სფეროში ექსპორტით არიან დაკავებული. ამ ფონზე, აშშ-მა მიკროსქემების მწარმოებლები ნახევრადგამტარებისათვის საჭირო მასალების რუსეთიდან შეფერხების თაობაზე გააფრთხილა.

დასავლეთში მოელიან, რომ რუსეთი უახლოეს ხანში შეიძლება დაესხას თავს უკრაინას. რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმას და საზღვარზე ჯარების თავმოყრას ხსნის მანევრებით.

11 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის მოქალაქეები გააფრთხილა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, სამხედროების გამოყენებით მათი ევაკუაცია შეუძლებელი იქნება და აღნიშნა, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა უკრაინა ახლავე უნდა დატოვონ.

XS
SM
MD
LG