Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Conflict Intelligence Team-ი უკრაინის საზღვართან რუსეთის სატანკო არმიის გადასროლას იუწყება


რუსული ტანკები კრასნოდარში გამართული წვრთნის დროს

რუსეთი განაგრძობს სამხედრო ტექნიკის გადასროლას უკრაინის საზღვრის მახლობლად, - ამის შესახებ იუწყება საგამოძიებო ჯგუფი Conflict Intelligence Team (CIT), რომელიც ამ დასკვნამდე მივიდა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრების შესწავლის შემდეგ.

კერძოდ CIT-ის თანახმად, ვორონეჟთან მდებარე სამხედრო პოლიგონიდან უკრაინის საზღვრისკენ დაიძრა რუსეთის პირველი გვარდიული სატანკო არმია. მანამდე დეკემბერში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ არმიის ტექნიკა ვორონეჟის სამხრეთით პოგონოვოს პოლიგონზე დაბანაკდა.

რამდენიმე ვიდეოკადრში ამ არმიის სამხედრო ტექნიკა მოჩანს ბელგოროდის ოლქის სარკინიგზო სადგურში. CIT-ი აღნიშნავს, რომ საუბარია არა მხოლოდ ვორონეჟთან დისლოცირებულ ტექნიკაზე, არამედ დამატებით საშუალებებზე, რომლებიც მოსკოვიდან არის ჩატანილი.

უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გადასროლა გრძელდება რუსეთის სამხედრო ძალების მონაწილეობით ბელარუსში მიმდინარე ფართომასშტაბიანი სწავლებისა და ასევე შავ ზღვაში 13 თებერვალს დაწყებული სამხედრო-საზღვაო წვრთნის ფონზე.

დასავლეთის ქვეყნები ვარაუდობენ, რომ ეს სამხედრო აქტიურობა არის იმ გეგმის ნაწილი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მორიგი ინტერვენციის დაწყებას ითვალისწინებს.

პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა თავის მოქალაქეებს, დატოვონ უკრაინა. მისი თქმით, ეს აუცილებელია რუსეთის მხრიდან ომის დაწყების საფრთხის გამო. „მოვლენები შეიძლება სწრაფად განვითარდეს“, - განაცხადა ბაიდენმა 10 თებერვალს NBC News-თან საუბრისას.

ამის შემდეგ რამდენიმე სახელმწიფომ ერთდროულად დაიწყო უკრაინიდან თავისი ქვეყნის მოქალაქეების გაყვანა ან მოუწოდა მათ, დატოვონ ქვეყანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG