Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ ორბანმა პირველად გააკეთა მინიშნება უნგრეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე


ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პირველად მიანიშნა, რომ უნგრეთმა შესაძლოა დატოვოს ევროკავშირი, რომელიც, ვიქტორ ორბანის თქმით, „წმინდა ომს, ჯიჰადს“ ეწევა „კანონის უზენაესობის“ სახელით.

12 თებერვალს მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა „ტოლერანტობა“ უნდა გამოავლინოს უნგრეთის მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, შეუძლებელი გახდება ერთ გზაზე სვლის გაგრძელება.

რამდენიმე დღეში ლუქსემბურგში მდებარე ევროპის სასამართლომ (ECJ) უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანონის უზენაესობის ახალი მექანიზმის შესახებ. ამ სქემის თანახმად, ქვეყნებმა, რომლებიც დაარღვევენ კანონის უზენაესობას, შესაძლოა დაკარგონ ევროკავშირის საერთო ბიუჯეტიდან მათთვის განკუთვნილი თანხები. უნგრეთმა და პოლონეთმა საჩივარი შეიტანეს 2020 წელს მიღებული ამ მექანიზმის წინააღმდეგ. ევროკავშირის სასამართლო თავის ვერდიქტზე ამ საჩივარზე ოთხშაბათს გამოიტანს.

წინა წლებში ვიქტორ ორბანი ხშირად ილაშქრებდა „ბრიუსელის ბიუროკრატიის“ წინააღმდეგ, მაგრამ მუქარებისგან თავს იკავებდა.

ვიქტორ ორბანის ყოველწლიური მიმართვა 12 თებერვალს უნგრეთში 3 აპრილისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში მისი ლიდერობით მოქმედი „ფიდესის“ პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას მიეძღვნა.

ორბანმა და მისმა ნაციონალისტური ორიენტაციის პარტია "ფიდესმა" 2010 წლის შემდეგ სამ არჩევნებში გაიმარჯვეს დიდი უპირატესობით, თუმცა ახლა გამოკითხვები მოწმობს, რომ ოპოზიციური ალიანსი "ფიდესთან" ახლოს არის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს არჩევნები ყველაზე კონკურენტული იქნება მას შემდეგ, რაც 2006 წელს ორბანმა მარცხი განიცადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG