Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ მოითხოვა რუსეთთან შეხვედრა მის საზღვრებთან სამხედრო აქტივობის განსახილველად


გამაფრთხილებელი წარწერა უკრაინის საზღვარზე
გამაფრთხილებელი წარწერა უკრაინის საზღვარზე

ვენის 2011 წლის საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე კიევი ითხოვს მოსკოვთან შეხვედრას, რათა განიხილოს უკრაინის საზღვარზე რუსეთის მიმდინარე სამხედრო ქმედებები, - ამის შესახებ ინფორმაცია ტვიტერით გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

ამ შეხვედრის გამართვა კიევმა მას შემდეგ ითხოვა, რაც მოსკოვმა უპასუხოდ დატოვა უკრაინის შეკითხვა რუსეთის ჯარების მის საზღვრებთან მიმდინარე გადაადგილების თაობაზე. ვენის შეთანხმების თანახმად, რუსეთმა უნდა შეასრულოს დაძაბულობის შენელებისა და უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მიმართული ვალდებულება, რომელიც შეთანხმების ყველა მონაწილეს ეკისრება.

11 თებერვლის საღამოს უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთიდან გამოითხოვა ინფორმაცია საზღვართან და ანექსირებულ ყირიმთან სამხედრო საქმიანობის შესახებ. კრემლში ამ გზავნილზე კომენტარს არ აკეთებენ. 13 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მსგავსი მოთხოვნა მინსკში გაგზავნეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა.

ამ მოთხოვნით შეხვედრა ორშაბათს არის დაგეგმილი, - ნათქვამია ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის მიერ Twitter-ით გავრცელებულ ცნობაში.

თუ რუსეთი დათანხმდება მონაწილეობას, შეხვედრასაც პოლონეთიც უხელმძღვანელებს. შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფოებს შეიძლება მიეცეთ რეკომენდაცია, რომ მიიღონ ზომები სასაზღვრო სიტუაციის სტაბილიზაციისა და იმ სამხედრო საქმიანობის შესაჩერებლად, რომელმაც შეშფოთება გამოიწვია.

კიევმა არაერთხელ განაცხადა ორი ქვეყნის საზღვარზე რუსული სამხედრო დაჯგუფების მნიშვნელოვანი გაძლიერების შესახებ. დასავლეთის ქვეყნები ამბობენ, რომ მოსკოვი უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადება. კრემლი ამას უარყოფს და ჯარების გადაადგილებას მის შიდა საქმეს უწოდებს.
ეუთოში არსებობს ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ზომების (CSBM) თაობაზე 2011 წლის ვენის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც წევრი სახელმწიფო ვალდებულია გაასაჯაროოს მეზობელი ქვეყნის საზღვრებთან მიმდინარე სამხედრო წვრთნის დანიშნულება, მასში მონაწილე პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის რაოდენობა, მანევრების ზუსტი ადგილი, ზუსტად მიუთითოს მისი დაწყებისა და დამთავრების თარიღი.

XS
SM
MD
LG