Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი წერეთელი: პრემიერის განცხადება აზიანებს კოვიდის მართვის პროცესს


"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება აზიანებს კოვიდის მართვის პროცესს. ასე გამოეხმაურა წერეთელი ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას, რომელშიც პრემიერმა თქვა, რომ "ომიკრონის" შემთხვევაში უმეტესად ვაქცინა არ მუშაობს".

"არ ვიცი რა არის საბოლოოდ სურვილი ასეთი განცხადებების, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთ ვითარებაში, რომელიც არის საქართველოში და როდესაც ჩვენ გვჭირდება მეტი ადამიანის ჩართვა ვაქცინაციის პროცესში, ნებისმიერი ასეთი ტიპის განცხადება აზიანებს პროცესს, რომელიც საჭიროა კოვიდის მართვის პროცესში, ჩემი აზრით, ამგვარი განცხადებები აბსოლუტურად გაუმართლებელია, მით უმეტეს ქვეყნის პირველი პირების მხრიდან", - თქვა წერეთელმა.

დღევანდელ, 14 თებერვლის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ კორონავირუსის "ომიკრონის" შტამის გავრცელების დროს, "მწვანე პასპორტის" არსებობამ აზრი დაკარგა, რისი მიზეზიც ასე განმარტა:

"ომიკრონის" შემთხვევაში ძალიან ბევრ შემთხვევაში კი არა, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს - ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივად ემართება "ომიკრონი". მე ვარ აგერ მაგალითი, მე მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი "ფაიზერის" ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა "ომიკრონი"...

მიდგომა შეიცვალა იმიტომ, რომ აზრი დაკარგა ამ ვაქცინის, უკაცრავად, "მწვანე ბარათის" გამოყენებამ".

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანტივაქსერი არ არის.

"რა თქმა უნდა, პრემიერი ანტივაქსერი არ არის და შეუძლებელია იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს ორჯერ ვაქცინა გაკეთებული და ის ძალიან აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში...იმაზე საუბარი, რომ ანტივაქსერია თუ არ არის, ვფიქრობ, რომ არასწორია.

ვისმენდი და ზუსტად გავიგე, რაც იგულისხმა. იყო ის, რომ "ომიკრონის" შემთხვევაში, რადგან ეს არის ისეთი შტამი და გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომელიც ამ შტამთან დაკავშირებით გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს, მან თქვა, რომ ინფიცირების შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე აცრა გაიკეთონ, რადგან "ბუსტერ" დოზას მაღალი დაცვა აქვს. მათივე თქმით, "ბუსტერ" დოზა უნდა გაკეთდეს მეორე აცრიდან სამი თვის თავზე. საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი "ბუსტერ" დოზით აცრილი არ არის, მან მეორე აცრა გასული წლის სექტემბერში გაიკეთა.

XS
SM
MD
LG