Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქოლ-ცენტრების" რეგულირების ჩარჩოს ფინანსთა სამინისტრო შექმნის


ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს "ქოლ-ცენტრები", თუმცა საქართველოში ზოგი მათგანი რეგულირების ჩარჩოს გარეთ მოქმედებს, რაც საგამოძიებო ორგანოების თვალსაწიერშიც მოხვედრილა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბარში ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრისგან მიღებული დავალების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, თუმცა მის საზედამხედველო არეალში არ მოექცევიან საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ასევე ფლობენ საქართველოში "ქოლ-ცენტრებს".

„ქოლ-ცენტრები" ზოგადად არსებობს საქართველოშიც, არსებობს მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, მნიშვნელოვანია ის, რომ ეს უნდა იყოს ლეგალურ ჩარჩოში მოქცეული და იყოს ლეგალური ბიზნესი. გარკვეული ფაქტების გამოვლინება, ბუნებრივია, იყო. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ გააკეთა განცხადება, ძალიან აქტიური თანამშრომლობით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მსგავსი ტიპის ფაქტები, გამოვლენის შემთხვევაში, მომავალშიც იქნება აღკვეთილი.

სამუშაო, რომელშიც იქნება ჩართული ფინანსთა სამინისტრო, ეს იქნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც შექმნის იმ რეგულირების ჩარჩოს, რომ მაქსიმალურად მოხდეს აღნიშნული მიმართულების რეგულირება. ამ ნაწილში ჩვენ ვიცით, რომ ეს ფაქტობრივად რეგულირებული არ არის აღნიშნული მიმართულება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილის სიტყვებით, ეს არის ძალიან კარგი პერსპექტივა და მიმართულება, რომელიც საქართველოშია განვითარებული და საქმიანობის რამდენიმე ლეგალური მაგალითიც მოიყვანა.

მაგალითისთვის მოვიყვან რამდენიმე კომპანიას, რომელსაც საქართველოში გააჩნია ქოლ-ცენტრი და რომელიც ემსახურება საერთაშორისო კომპანიებს, როგორც არის Amazon,-ი Google-ი, eBay-ი და სხვა და მას რეგულირება ნამდვილად არ შეეხება. ამ შემთხვევაში რეგულირების ქვეშ მოექცევა ყველა ის მიმართულება, რომელსაც, შესაძლებელია, გარკვეულწილად არაკანონიერ საქმიანობასთან ჰქონდეს კავშირი. ბუნებრივია, საგამოძიებო ორგანოები მუშაობენ და მომავალშიც გაგრძელებენ მუშაობას. ხოლო ის სამუშაო ჯგუფი, რომელიც ფინანსთა სამინისტროში შეიქმნება, განახორციელებს იმ მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნას, რომ ასეთი შემთხვევები დროულად იქნას გამოვლენილი და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იქნება სწრაფად განხორციელებული“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრები საქართველოში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ. იმის მიუხედავად, რომ პროკურატურამ ამ სქემას თაღლითური გზით ფულის დაუფლების კვალიფიკაცია მისცა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების ამ მიზეზით დაკავების ან ბრალის წაყენების შესახებ ინფორმაცია მედიისთვის ხელმისაწვდომი არ გამხდარა.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "საქმიანობა ცდება კანონიერებას და მის საზღვრებს, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება არის საჭირო".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასული წლის 28 ოქტომბერს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი და ახლა უკვე ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ტრანსნაციონალურ დანაშაულს დაუკავშირა.

"ამ "ქოლ-ცენტრების" უკან, სავარაუდოდ, დგას კეზერაშვილი, მას აღნიშნული "ქოლ-ცენტრები" ჰქონდა უკრაინაშიც, აქაც ჰქონდა მცდელობა", - თქვა მაშინ პრემიერმა.

საქართველოში "ქოლ-ცენტრები"ს არსებობის შესახებ საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ტელეკომპანიებს "მთავარ არხსა" და "ფორმულას" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლევან ხაბეიშვილს სასამართლოში უჩივლა. მისი ინტერესების დამცველის მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობასთან, თაღლითურ, კრიმინალურ თუ ფულის მოპარვის სქემებთან ან რაიმე სახის დანაშაულებრივ ჯგუფებთან გრიგოლ ლილუაშვილის კავშირის შესახებ, არის სიცრუე და ცილისწამება.

განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მათ არ აქვთ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ლოიალური მიდგომა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარსულში გაავრცელა ინფორმაცია უწყების ჩართულობის შესახებ ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, თუმცა ცხადია, რომ ცალკეული სუბიექტების მხრიდან კვლავ გრძელდება მიზანმიმართული, სიცრუეზე აგებული კამპანია, რაც მიზნად ისახავს ზოგადად ინსტიტუტისა და მისი ხელმძღვანელის დისკრედიტაციას", - განაცხადა სუსმა 11 თებერვალს.

დღეს, 14 თებერვალს, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს პარლამენტში იბარებს.

XS
SM
MD
LG