Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: "ომიკრონის" ტალღის პიკს გადავდივართ


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ოდნავ გაუმჯობესებულია ეპიდსიტუაციის ძირითადი მაჩვენებლები.

„ეს მიუთითებს, რომ ჩვენ გადავდივართ პიკს "ომიკრონის" ტალღის“, - განაცხადა გამყრელიძემ დღეს, 15 თებერვალს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ვარაუდობს, რომ ამ კვირის განმავლობაში, შესაძლოა, თანდათან იკლოს ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა:

„თუმცა, ეს შესაძლებელია გახანგრძლივდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე მიზეზის გამო და ასევე, საერთაშორისო გამოცდილება გვეუბნება, რომ პრე-პიკურ მაჩვენებლებზე ის ქვეყნები, რომლებმაც გადაიარეს პიკი, ვთქვათ, სამხრეთ აფრიკა, ბრიტანეთი და სკანდინავიის რამდენიმე ქვეყანა, ჯერჯერობით მაინც ვერ ჩამოდიან“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ 15 თებერვალს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყანაში აღირიცხა კორონავირუსის 19 049 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა კიდევ 51 პაციენტი. თუმცა, ამ სტატისტიკაში შესულია წინა დღის მონაცემებიც, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ვერ აისახა, პორტალის განახლებასთან დაკავშირებული სამუშაოების გამო.

ორშაბათს, 14 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყანაში იყო ინფიცირების 4 028 და გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა. როგორც დღეს, 15 თებერვალს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რეალურად აღრიცხული იყო ინფიცირების 7 727 და გარდაცვალების 39 შემთხვევა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, წინა კვირებთან შედარებით, შემცირებულია როგორც ინფიცირების, ასევე ლეტალობის მაჩვენებელი და სიტუაცია ძალიან ნელი ტემპით მიდის დამშვიდებისკენ:

"მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს იმიტომ, რომ შემთხვევების რაოდენობა ბევრია და შესაბამისად, განსაკუთრებით მოწყვლად ფენებში, იქ სადაც არის თანმხლები ქრონიკული დაავადებები და ასაკი, 50-60 წელს ზემოთ, გვაქვს გართულებები და სამწუხაროდ, ფატალური გამოსავალი".

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჰოსპიტლებში მყოფი 6000 პაციენტიდან, დაახლოებით 95% აუცრელია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აცრა და განსაკუთრებით, ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზა იცავს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან.

ამირან გამყრელიძის თქმით, "ომიკრონთან" საბრძოლველად აცრასთან ერთად მთავარ იარაღად რჩება პირბადე, რომლის გამოყენებას როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში ვერ შეელევიან იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ჯერჯერობით აცრილია მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 43%.

XS
SM
MD
LG