Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს


საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს წინ საქართველოსა და უკრაინის დროშებითა და პლაკატებით მივიდნენ.

„აქ იმიტომ ვდგავარ, რომ ვაპროტესტებ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. მინდა, რომ მსოფლიოში მშვიდობა იყოს. უკრაინელმა ხალხმა მინდა იცოდეს, რომ აქ მათ ჩვენ ვგულშემატკივრობთ და მათთვის გვიფეთქავს გულები", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნანა ამისულაშვილი.

სოლიდარობის აქციას ადგილობრივებთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

დასავლეთის ქვეყნების თანახმად, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 130 ათასამდე ჯარისკაცს და სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი, რაც, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის მზადებას ნიშნავდეს.

რუსეთი აცხადებს, რომ არ აპირებს უკრაინაში შეჭრას, მაგრამ ამავე დროს ის მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს. მათ შორის იმას, რომ ნატოში არ იქნენ მიღებული უკრაინა და საქართველო.

15 თებერვალს რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაიწყო უკრაინის საზღვრებიდან თავისი ჯარების გაყვანა. მოსკოვის თქმით, ისინი თავთავიანთ სამხედრო ბაზებს დაუბრუნდებიან, რაც დეესკალაციის პირველ ნაბიჯად შეიძლება იქნეს აღქმული.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი ჯერჯერობით ვერ ადასტურებს რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინის საზღვრიდან ჯარების ნაწილი გაიყვანა. თუმცა არის იმის ნიშნები, რომ მოსკოვს დიალოგის გაგრძელება სურს და ეს იძლევა გარკვეულ იმედებს, რომ შესაძლო იქნება რეგიონში კრიზისის თავიდან აცილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG