Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ღორის აფრიკული ჭირი ისევ დადასტურდა


დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის განყოფილების უფროსის, აცამაზ თედეევის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ღორის აფრიკული ჭირის ახალი კერა დადასტურდა. ამჯერად ღორები ზნაურის რაიონში დაიხოცნენ.

„ზნაურის რაიონის სოფელ ყორნისში ღორების დახოცვა დაფიქსირდა, იქ სამი ღორი მოკვდა, ოთხის ლიკვიდაცია კი იძულებით მოხდა. დახოცილი ცხოველების პათოლოგიური მასალა შეირჩა და კვლევისთვის გაგზავნეს რუსეთის ფედერაციის კროპოტკინის ვეტერინარულ ლაბორატორიაში, რომელმაც დაადასტურა ღორის აფრიკული ჭირით ინფექცია. ამ ტერიტორიიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოტანა აკრძალულია. ადგილზე მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები“, - განუცხადა თედეევმა სააგენტო „რეს"-ს.

თებერვალში ზნაურის რაიონის სოფელ ფარნში ასევე დადასტურდა ღორის აფრიკული ჭირის აფეთქება. მაშინ 12 ღორი დაეცა. გარდა ზნაურის რაიონისა, ღორების ინფიცირების შემთხვევები ცხინვალის და ახალგორის რაიონებშიც იყო. ამ რაიონებში რამდენიმე წლით ღორის ყოლა აიკრძალა. პირველად კი ოკუპირებულ რეგიონში ცხოველის ეს დაავადება 2007 წელს გამოვლინდა.

XS
SM
MD
LG