Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ პუტინისადმი დუმის მიმართვის გამო გაეროს საქართველოს მაგალითიც შეახსენა


გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი სერგიი კისლიცა
გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი სერგიი კისლიცა

უკრაინამ გაეროს გენერალურ მდივანს და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს მიმართა რუსეთის დუმის მიერ მიღებული დადგენილების გამო, რომლითაც დუმა პრეზიდენტ პუტინისგან ითხოვს უკრაინის ორი სეპარატისტული წარმონაქმნის - დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას.

გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის, სერგიი კისლიცას მიერ გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშისა და გაეროს წევრი სახელმწიფოებისთვის გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ამ ე.წ. რესპუბლიკების აღიარება იქნება იმის ნიშანი, რომ მოსკოვი შეგნებულად ტოვებს მინსკის შეთანხმებებს, ეს კი, სერიოზულ დარტყმას მიაყენებს კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით მოგვარებას, რაც უკრაინის და მისი პარტნიორების მიზანია.

უკრაინელი დიპლომატის თანახმად, ე.წ. აღიარებას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ ექნება, რუსეთი ლუგანსკის და დონეცკის დროებით ოკუპირებულ ოლქებში თავის საოკუპაციო ადმინისტრაციებს „დამოუკიდებელ სუბიექტებად“ ვერ გაასაღებს და ვეღარც იმას დამალავს, რომ დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეა.

გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ დუმის დადგენილების მხარდაჭერას საერთაშორისო წესრიგისა და უსაფრთხოების გლობალური არქიტექტურისთვის ექნება გაცილებით ფართო, დამანგრეველი შედეგები, ამიტომ რუსეთს აქვს არჩევანი - ის ან დეესკალაციის და დიპლომატიური დიალოგის გზას დაადგება, ან საკუთარ თავზე გამოცდის საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე, კონსოლიდირებულ პასუხს.

გაეროს გენერალური მდივნისა და წევრი სახელმწიფოებისადმი მიმართვაში უკრაინა განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსეთი დღევანდელი ქმედებებით იმეორებს 2008 წლის ალგორითმს, როცა დუმამ მხარი დაუჭირა მაშინდელი პრეზიდენტის, მედვედევისადმი მიმართვას, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ და „აფხაზეთის რესპუბლიკის“ აღიარების აუცილებლობის შესახებ, 2008 წლის 26 აგვისტოს კი, რუსეთის პრეზიდენტმა ასეთი „აღიარების“ განკარგულება გამოსცა.

უკრაინა გაეროს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს აქტიური და მკაფიო პოზიციისკენ, რათა დაცული იყოს გაეროს წესდების პრინციპები და უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

15 თებერვალს, რუსეთის დუმამ 351 ხმით დაამტკიცა კომუნისტი დეპუტატების მიერ მომზადებულ დადგენილება და პრეზიდენტ პუტინს მიმართა, აღიაროს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა კენჭისყრამდე განაცხადა, რომ აშშ დაძაბულობას ზრდის და ევროპის ქვეყნებთან ერთად უკრაინას იარაღს აწვდის, კიევი ისევ არ ასრულებს მინსკის შეთანხმებებს, ეს ყველაფერი კი საფრთხეს უქმნის „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს და თანამემამულეებს".

უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი მასშტაბური თავმოყრის ფონზე როგორც უკრაინის, ისე დასავლეთის მედიასაშუალებებით ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთი ეძებს სხვადასხვა საბაბს უკრაინაში საკუთარი ჯარების შეყვანის გასამართლებლად. რუსეთმა წლების წინ დაიწყო უკრაინის ორ სეპარატისტულ რეგიონში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიცემა და დღეს მათ თანამოქალაქეებად და თანამემამულეებად მოიხსენიებენ.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა სეპარატისტებმა უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ნაწილი 2014 წელს გამოაცხადეს ე.წ. დამოუკიდებელ, სახალხო რესპუბლიკებად. დღემდე, რუსეთი ამ ტერიტორიებს ოფიციალურად აღიარებს უკრაინის ნაწილად. ამასთან, ამ სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებთა უმეტესობას უკვე რუსეთის მოქალაქეობა აქვს.

რუსეთმა მსგავსი პოლიტიკა აწარმოა საქართველოს ორ რეგიონშიც, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომამდე, რომლის შემდეგაც მოსკოვმა ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, რუსეთის მთავრობამ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებთ გამარტივებული წესით მისცა რუსეთის მოქალაქეობა.

XS
SM
MD
LG