Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბილოვმა „თავდაცვის მინისტრს“ უკრაინის მოვლენების ფონზე სამხედრო მზადყოფნის ანგარიში მოსთხოვა


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მთავრობის სხდომაზე თავდაცვის მინისტრი იბრაჰიმ გასეევი გააკრიტიკა. გასეევი აპრილში დაგეგმილ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ბიბილოვის კონკურენტია. ბიბილოვმა თქვა, რომ გასეევის გაცდენების გამო მთავრობის სხდომის ორჯერ გადადება მოუწია.

თქვენ თავდაცვის მინისტრი ხართ და კეთილი ინებეთ შეასრულეთ თქვენი მოვალეობები, კმარა საბავშვო ბაღობანას თამაში“, - მიმართა ბიბლოვმა გასეევს.

მან გასეევს შეიარაღებული ძალების, ქვედანაყოფების, სამხედრო ტექნიკის, იარაღის, პირადი შემადგენლობის, სხვა საშუალებების მზაობის, ასევე „საქართველოსგან შესაძლო პროვოკაციების შესახებ“ მოხსენების მომზადება დაავალა.

„ვხედავთ, როგორ ვითარდება მოვლენები უკრაინაში. სავსებით შესაძლებელია, საქართველომ ამ ფრონტზე პროვოკაციების განხორციელება სცადოს. ველოდები თქვენს ანგარიშს, რომელსაც უკვე დიდი ხანია აღარ მაწვდით. ხვალ [17 თებერვალს] 11:00 საათზე თქვენს ანგარიშს ველოდები“.

ბიბილოვმა ჩინოვნიკებს მოუწოდა პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. „უსაქმურობის დრო არ გვაქვს, არ უნდა მოვდუნდეთ“, - თქვა ბიბილოვმა.

წვრთნების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების მასშტაბურ თავმოყრას, რომელიც გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო და ასევე, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო მანევრებს უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები მიიჩნევენ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმისთვის მზადებად. კრემლში ამას უარყოფენ, თუმცა 2021 წლის დეკემბრიდან აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს. მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ უკრაინა და საქართველო. 2022 წლის იანვარში, ნატომ და აშშ-მა რუსეთის ამ მოთხოვნას უარით უპასუხეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG