Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე კატეგორიულად არ ეთანხმება EU-ის ელჩის შეფასებას დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის შეფასებას ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაზე. მდინარაძე ამბობს, რომ მანდატების შეჩერების საკითხის განხილვა მათ უფლებამოსილებაში შედიოდა და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იმსჯელეს.

"ბატონი კარლ ჰარცელის, მიუხედავად ჩემი მისდამი პატივსცემისა, აზრს კატეგორიულად არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ეს არ იყო სწორი განცხადება. არც ბატონმა კარლმა არ იმსჯელა იმ ობიექტური კრიტერიუმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ამ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად...

გვეხმარება, გვერდით გვიდგას, მაგრამ კონკრეტულად ეს გადაწყვეტილება, რომ მას ასეთი განცხადება გაეკეთებინა, იყო არასწორი. არც მიზანშეწონილობაზე ჰქონდა სწორი შეფასება და არც სამართლებრივ საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მას კატეგორიულად არ ვეთანხმები", - თქვა მდინარაძემ.

15 თებერვალს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა სამ ოპოზიციონერ დეპუტატს, რაც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ასე შეაფასა:

"რაც შეეხება გადაწყვეტილებას რამდენიმე ოპოზიციური მანდატის შეწყვეტის თაობაზე, გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად".

დღეს, 17 თებერვალს კი "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ არ მოინანია "ჩადენილი დანაშაული" და ამის გამო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს.

"ძალიან მარტივად არის აქ საქმე, ბადრი ჯაფარიძემ სხვა რამ არჩია, არჩია დაპირისპირებოდა სისტემას და ჩვენ გვაბრალებდა სასამართლოსთვის დაკვეთის მიცემას - ეს არის სისტემის წინააღმდეგ დაპირისპირება. როდესაც სისტემას უპირისპირდება პოლიტიკოსი, სისტემა სცემს პასუხს...

მონანიება სამართლებრივადაც არის შემსუბუქების საფუძველი, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებ, რა თქმა უნდა, მონანიება და სისტემის წინააღმდეგ არდაპირისპირება, შეიძლება გახდეს შენი პოლიტიკური გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი", - თქვა კობახიძემ.

XS
SM
MD
LG