Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის კონტროლირებად ლუგანსკის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა


საბავშვო ბაღის დაბომბილი ოთახი სტანიცა ლუგანსკაში.
საბავშვო ბაღის დაბომბილი ოთახი სტანიცა ლუგანსკაში.

სამი ადამიანი დაშავდა 17 თებერვლის დილით სტანიცა ლუგანსკას ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის დაბომბვის შედეგად. უკრაინის სამხედრო სარდლობის ცნობით, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაბომბვა მძიმე იარაღიდან დილის საათებში მოხდა, როდესაც საბავშვო ბაღში 20 ბავშვი და 18 თანამშრომელი იმყოფებოდნენ.

„ოკუპანტების თავდასხმის შედეგად საბავშვო ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა - ორმა ქალმა და ერთმა მამაკაცმა კონტუზია მიიღეს. საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, საბედნიეროდ, არ დაშავებულან. ინციდენტის შემდეგ შენობაში მყოფი 20 ბავშვისა და 18 თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ჯარების დაჯგუფება „ჩრდილოეთის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დონბასელ სეპარატისტებთან დაკავშირებული სოციალური ქსელები და ტელეგრამის არხები კი ავრცელებენ დეზინფორმაციას, ვითომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიით დაბომბეს კიევის მიერ არაკონტროლირებად ნოვაია კონდრაშკოვკაში მდებარე საბავშვო ბაღი. მაგრამ როგორც რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა დაადგინა, სოფელი ნოვაია კონდრაშოვკა დასახლებულ პუნქტ სტანიცა ლუგანსკას ნაწილს წარმოადგენს და იგი უკრაინის კონტროლის ქვეშ იმყოფება და არა ლუგანსკის სეპარატისტული ხელისუფლებისა.

ამ ინციდენტის ფონია უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების მასშტაბურ თავმოყრა, რომელიც გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო და ასევე, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბოლოდროინდელი სამხედრო მანევრები, რომელთაც აშშ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები მიიჩნევენ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმისთვის მზადებად. კრემლში ამას უარყოფენ, თუმცა, 2021 წლის დეკემბრიდან აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს.

აშშ ჯერჯერობით ვერ ხედავს სიტუაციის დეესკალაციისთვის რუსეთის მზადყოფნას. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა 16 თებერვალს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო ხანს, უკრაინის საზღვართან არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა რუსი სამხედროების რაოდენობა, რუსეთის ოფიციალური პირები და მედია კი ავრცელებენ უამრავ ისეთ ამბავს, რომლებიც, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრის საბაბად გამოიყენონ. მათ შორის, ნედ პრაისმა დაასახელა ცრუ განცხადებები დონბასში უკრაინის სამხედრო აქტივობის, ხმელეთზე, ზღვასა თუ ჰაერში აშშ-ის და ნატოს ქმედებების და რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ან ნატოს შესაძლო შეჭრის შესახებაც კი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG