Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში


დღეს, 18 თებერვალს გერმანიის ქალაქ მიუნხენში იხსნება ტრადიციული უსაფრთხოების კონფერენცია, მსოფლიოს ასეულობით ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების და ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

საერთაშორისო ფორუმის მონაწილეები განიხილავენ კორონავირუსის პანდემიით, მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის ზრდით და სხვა ფაქტორებით გამოწვეულ კრიზისებსა და მსოფლიოში დაგროვილი მწვავე პრობლემების მოგვარების შესაძლებლობებს.

მიუნხენში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც, მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს პოლიტიკური წრეების და უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებთან.

გერმანიაში საქართველოს ელჩის, ლევან იზორიას განცხადებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კიდევ ერთი პლატფორმა იქნება საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების - ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გაცხადებისთვის. ელჩის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო ინიციატივის პრეზენტაციაც.

მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. საერთაშორისო კონფერენცია 20 თებერვალს დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG